ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
29/06/2018
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ქუთაისში რვა საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
28 ივნისს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის თანამშრომლები, საქართველოს პარლამენტის წევრები და ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელები ქუთაისის 10-ე, 30-ე, 32-ე და 36-ე საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ. „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ საჯარო სკოლების რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში, ქუთაისში, სრული რეაბილიტაცია რვა საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები ფონდის წევრებთან ერთად საქართელოს პარლამენტის წევრმა გენადი მარგველაშვილმა და ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა დაათვალიერეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მოსწავლეებს საშუალებას მისცემს უკეთეს გარემოში მიიღონ საშუალო განათლება. „ქუთაისში რვა სკოლაში მიმდინარეობს სრული რეაბილიტაცია, ჩვენ ოთხი მათგანი მოვინახულეთ და გვინდა ვთქვათ, რომ ძალიან მალე დასავლეთ საქართველოს 15 ათასზე მეტ მოსწავლეს თანამედროვე სტანდარტების მქონე სკოლები ექნება“ - აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის წევრმა გენადი მარგველაშვილმა.
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, სასიხარულოა რომ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით მიმდინარე სამუშაოები კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში ხორცილდება: „ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის სამუშაოები დავათვალიერეთ. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მოხარულები ვართ, რომ სამუშაოები კარგ ტემპმში მიმდინარეობს და დროულად სრულდება. “ - განაცხადა ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდში აცხადებენ, რომ მთლიანობაში, 2018 წელს დასავლეთ საქართველოში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 30 საჯარო სკოლას, რის შედეგადაც სასწავლო გარემო გაუმჯობესდება 15,200 მოსწავლისათვის. დასავლეთ საქართველოში საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 15 მილიონ აშშ დოლარს.
ორგანიზაციის შესახებ
დღემდე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 44 საჯარო სკოლას მცხეთა-თიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, კახეთის რეგიონებში. მიმდინარეობს 17 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ჯამში საქართველოს რეგიონებში 91 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას და ლაბორატორიებით აღჭურვას ახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (MCC) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 140 მილიონიან მეორე კომპაქტს, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტი დღეისათვის საქართველოს განათლების სფეროში ჩადებული ყველაზე მსხვილი ინვესტიციაა.

წაკითხულია: 232