ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
12/01/2018
გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის პირველი საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა.
სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ერთობლივი პროექტია.
სკოლამ ახალი პროგრამების შესამუშავებლად ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი დაფინანსება აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიიღო.
მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი: –
„სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში დაინერგა ახალი პროფესიული პროგრამები საფეხმავლო და სამთო გამყოლი და ასევე სასერთიფიკატო პროგრამები, როგორიცაა თხილამურების ინსტრუქტორი. ყველა პროგრამა შეიქმნა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით. ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად მიდიოდა მუშაობა შვეიცარიელ და გერმანელ ექსპერტებთან, რათა ახალი პროგრამები საერთაშორისო სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისად შექმნილიყო.“
საწვრთნელი ბაზის გახსნას დაესწრნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის პრეზიდენტი დავით რაქვიაშვილი, განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი სანდრო ონოფრიშვილი, სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის კონსორციუმის პარტნიორები და სტუდენტები.
სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლის შენობა, რომელიც მსგავს სასწავლებლებს შორის მსოფლიოში ყველაზე მაღალ ნიშნულზე - 2800 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
გუდაურის სასწავლო ბაზაზე სტუდენტები პრაქტიკული სწავლების დროს შეძლებენ ცხოვრებას და თეორიული სწავლების გავლას. სასწავლო ბაზა ერთდროულად 30 სტუდენტის მიღებას შეძლებს. სკოლაში უკვე სწავლობენ სტუდენტები, როგორც თბილისიდან, ისე საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებიდან.
სკოლა მხარდაჭერილია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებითვის“ ფარგლებში.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 668