ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
თელავში „რთველი 2015“-ს საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
25/08/2015

პრესრელიზი

თელავში „რთველი 2015"-ს საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა


საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ 2015 წლის რთველის საკოორდინაციო შტაბი თელავში გახსნა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში ირაკლი შიოლაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ღვინის კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მიმდინარე წელს, მიუხედავად აგვისტოში მომხდარი სტიქიით მიყენებული ზარალისა, შარშანდელთან შედარებით ყურძნის კარგი მოსავალია. ამასთან, ხელისუფლებას აქვს სრული მზაობა და დეტალურად გაწერილი გეგმა, რათა წლევანდელმა რთველმაც ორგანიზებულად ჩაიაროს და მოსავალის რეალიზაცია-დაბინავების პრობლემა არცერთ მევენახეს არ შეექმნას.

იმის გათვალისწინებით, რომ მსხვილ საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტის შემცირებამ ღვინის მწარმოებელი კომპანიების მხრიდან ყურძენზე მოთხოვნა შეამცირა, საქართველოს მთავრობამ ყურძნის ღირებულების სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო. 

,,დარგის განვითრების დადებითი დინამიკის შენარჩუნებისა და მევენახეების ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს კვლავ მოხდება როგორც თეთრი, ისე წითელი ყურძნის სუბსიდირება. 2015 წლის რთველის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე - 35 თეთრის, ხოლო 1 კგ. საფერვზე - 15 თეთრის ოდენობის სუბსიდია გაიცემა. რაც მთავარია, ყურძნის ფასს დაარეგულირებს ბაზარი, სახელმწფო ამაში არ ჩაერევა. მნიშვნელოვანია, რომ რთველი 2015-ის ფარგლებში წაგებული მხარე არ არსებობდეს. მოგებული უნდა იყოს როგორც ბიზნესი და წარმოება, ასევე თითოეული მევენახე", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც მინისტრმა შტაბის გახსნის დროს აღნიშნა, მიმდინარე წელს სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე, როგორც ეს ბოლო 2 წლის განმავლობაში ხდებოდა. გლეხი ჩაბარებული ყურძენის საფასურს დაგვიანების გარეშე, ყურძნის ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღეში „ლიბერთი ბანკის" ფილიალებსა და სერვის ცენტრებში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს.
რთველი 2015-ის ფარგლებში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვის შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ღვინისა და სპირტის წარმოებისთვის იაფი სესხის გაცემა კვლავ გაგრძელდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი სამანიშვილის განცხადებით, სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის მეტი კომუნიკაციის მიზნით, რთველი 2015-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში, სასტუმროში ,,ალაზნის ველი" განთავსდა და 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. შტაბის წარმომადგენლობა გურჯაანის რაიონშიც იფუნქციონირებს.
,,ამოქმედდება სოფლის ცხელი ხაზი 2 47 01 01; შარშანდელის მსგავსად, ჩაბარებული ყურძენი აღირიცხება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვებით ერთიან ელექტრონული ბაზაში და ნებისმიერ მსურველს განახლებული ინფორმაციის ნახვა ონლაინ რეჟიმში შეეძლება", - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

 

წაკითხულია: 2358