ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
12/03/2021
კომუნიკაციების კომისიამ “მაგთის” „მაგთიფიქსის“ ლიცენზიის საფასური 16 მილიონიდან 161 ათასამდე შეუმცირა
კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომს“ „მაგთიფიქსის“ მომსახურების ლიცენზიის საფასური 16 მილიონიდან 161 ათას ლარამდე შეუმცირა, კომპანიას №F10 ლიცენზიის მოქმედების ვადა 2029 წლამდე აქვს. კომუნიკაციების კომისიამ მაგთიკომის მოთხოვნით კომპანია „ერნსტ ენდ იანგს“ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის ღირებულების დათვლა ბიზნესმეთოდოლოგიით დაუკვეთა. ახალი ტარიფით ლიცენზიის საფასური 100-ჯერ შემცირდა. აღსანიშნავია, რომ „მაგთიკომს“ ლიცენზიით სარგებლობის გადაანგარიშებული საფასურის დიდი ნაწილი უკვე გადახდილი აქვს და 161 ათასიდან, მხოლოდ 15 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში, იმისთვის რომ ლიცენზიით 2029 წლამდე ისარგებლოს.
„მაგთიფიქსის“ სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს საზღვრისპირა სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, ვინაიდან ამ გეოგრაფიულ არეალში სხვა ალტერნატიული საკომუნიკაციო არხების მიღების პრობლემაა. სწორედ აქედან გამომდინარე, კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, „მაგთიკომს“ დამატებითი ვალდებულებები განუსაზღვრა. კერძოდ, მაგთიკომი ვალდებულია გააგრძელოს „მაგთიფიქსის“ მომსახურება ლიცენზიის ამოწურვამდე ან აბონენტების სრულ მიგრაციამდე, ან ქსელის სრულ გათიშვამდე, თუ მისი აღმოფხვრა შეუძლებელია კომპანიის ხელთ არსებული ქსელის კომპონენტების მეშვეობით.
შეგახსენებთ, რომ „მაგთიკომმა“ „მაგთიფიქსის“ ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით კომუნიკაციების კომისიამ ჯერ კიდევ 2019 წელს წერილით მიმართა. მაშინ „მაგთიკომი“ მზად იყო წელიწადში 100 ათასი ლარის საფასურად ლიცენზია შეენარჩუნებინა. 2019 წლის 14 ივნისს კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, „მაგთიკომის“ მოთხოვნა დააკმაყოფილა. კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილებით „მაგთიკომს“ ლიცენზიის ღირებულება წელიწადში ნაცვლად 100 ათასი ლარისა, 2029 წლამდე ჯამში სულ 15 ათასი ლარი იქნება.
2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებაში კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომი“ დაავალდებულა, რომ „მაგთიფიქსის“ 100 ათასზე მეტი აბონენტი, რომელიც კომპანიისგან მომსახურებას იღებდა, სერვისის გაუქმების შემთხვევაში ორი წლის განმავლობაში ალტერნატიული მომსახურებით უზრუნველეყო. 2021 წლის 11 მარტის მონაცემებით, „მაგთიფიქსით“ 10 ათასამდე აბონენტი კვლავ სარგებლობს, შესაბამისად, აღნიშნული სერვისის შენარჩუნება უკიდურესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ აბონენტების მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საზღვრისპირა სოფლებსა და მაღალმთიან სოფლებში ცხოვრობენ.

აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისიის აღნიშნული გადაწყვეტლების პარალელურად, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ლიცენზიის საფასური 100-ჯერ შეუმცირდა, „მაგთიკომმა“ „მაგთიფიქსის“ ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით, კომისიას კვლავ მიმართა. კომუნიკაციების კომისია კომპანიის მოთხოვნას კანონით დადგენილ ვადებში განიხილავს.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 85