ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ქართველმა ახალგაზრდებმა ენისა და კულტურის მსოფლიო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა
13/06/2016

13 ივნისი , 2016

დაუყონებლივ გავრცელებისთვის 

საკონტაქტო ინფორმაცია:

მაიკო ჩიტაშვილი

maiko@publicity.ge

593260609


                   ქართველმა ახალგაზრდებმა ენისა და კულტურის მსოფლიო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა

ენისა და კულტურის ფესტივალს მსოფლიო ლიდერები მხარდაჭერას უცხადებენ


ბრიუსელში მსოფლიოს ენისა და კულტურის ფესტივალის გალა კონცერტი გაიმართა. წელს ფესტივალი მეთოთხმეტედ ჩატარდა და იგი ევროპარლამენტისა და იუნესკოს მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობა დემირელის კოლეჯის ცეკვის კლუბმა და ქუთაისელმა ახალგაზრდა ვოკალისტმა ნია წოწონავამ მიიღეს. 


ენისა და კულტურის ფესტივალის ფინალში 14 ქვეყნის 350-ზე მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას. თითოეული მონაწილე პროექტში საკუთარ ქვეყანასა და კულტურას წარადგენდა. დახურვის საზეიმო ღონისძიებას ევროპარლამენტის და ბელგიის პრემიერ მინისტრი, ასევე მონაწილე ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ, რომლებმაც ერთად აღიარეს პროექტის განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა.


წელს ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში საქართველოდან 5 ვოკალისტი და ორი ცეკვის ანსამბლი იღებდა მონაწილეობას. ქართველი ახალგაზრდები პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა კონცერტებსა და ღონისძიებებში აქტიურად იყვნენ ჩართულები. მერვე-მეთორმეტე კლასის ქართველი მოსწავლეები: თბილისიდან, რუსთავიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან წარმატებით წარდგნენ ფესტივალზე ბრაზილიაში, აფრიკაში, სინგაპურში, ინდოეთში, ამერიკაში, რუმინეთში, მოლდოვასა და ყირგიზეთში ჩატარებულ მასშტაბურ კონცერტებზე. ცეკვის კლუბი და ქართველი მომღერალი ნია წოწონავა ფინალამდე, ერთი თვის განმავლობაში 14 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად გერმანიაში გადიოდნენ რეპეტიციებს ვოკალსა და ცეკვაში. მათ მონაწილეობა მიიღეს ქალაქ დორტმუნდში გამართულ ფინალურ კონცერტზეც და დიდი წარმატებით წარდგნენ აუდიტორიის წინაშე. 

ენისა და კულტურის XIV საერთაშორისო ფესტივალის დახურვაზე, ბრიუსელში ქართველ მოცეკვავეთა კლუბი განსაკუთრებული ნომრით წარსდგა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად მათ ქართული ცეკვები შესთავაზეს პუბლიკას. ქართველმა მოცეკვავეებმა ასევე სპეციალური ნომერი აფრიკელ მონაწილეებთან ერთადაც შეასრულეს. 
ენისა და კულტურის ფესტივალი ტრადიციულად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმართება და იგი 170 ქვეყნის ასობით მონაწილეს აერთიანებს. მისი მიზანია მსოფლიო კულტურების დაახლოება, მსოფლიო მშვიდობის დიალოგის წამოწყება და სხვადასხვა ენებისა და კულტურების დაახლოება. 

წლევანდელ საერთაშორისო ფესტივალს განსაკუთრებული მხარდაჭერა აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამაც გამოუცხადა. პროექტმა ფესტივალის ფარგლებში გამართულ ორ ღონისძიებას უმასპინძლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. პროექტს წელს მხარდაჭერა გაერთიანებული ერების გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმაც გამოუცხადა და მსოფლიო ფესტივალის მონაწილე ახალგაზრდები გაეროს შტაბ ბინაში მიიწვია და მათთვის სპეციალური მიღება გამართა.
2014 წლის ფესტივალი გამარჯვებული ქართველი მონაწილე ირინა ხეჩანოვი გახლდათ, რომელიც წელს აფრიკაში ჩატარებული ფესტივალის სპეციალური სტუმარი გახლდათ.

 

წაკითხულია: 1625