ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
16/03/2021
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან“ ერთად ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს
კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. საკონკურსოდ მიიღება მხოლოდ ის გამოუქვეყნებელი საბავშვო მოთხრობები და შემეცნებითი პროზაული ნაწარმოებები, რომელთა მოცულობაც არ აღემატება 1500 სიტყვას.
მნიშვნელოვანია, რომ ნამუშევრები განკუთვნილი იყოს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის. დაწყებითი სასკოლო ასაკის მიუხედავად, ტექსტები არ უნდა იყოს გამოკვეთილად დიდაქტიკური ხასიათის.

კონკურსის მიზანია ისეთი საბავშვო ნაწარმოებების შერჩევა, რომლებსაც ცენტრი გამოიყენებს ეროვნულ შეფასებებში და აგრეთვე სხვა პროექტების ფარგლებში დაგეგმილი ტესტირების დროს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 17 მარტიდან 17 მაისის 18:00 საათამდე ავტორმა უნდა გამოგზავნოს ელფოსტაზე: konkursi@naec.ge მინიმუმ 3 გამოუქვეყნებელი პროზაული ნაწარმოები. საკონტაქტო ინფორმაციის (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) გარეშე ნამუშევრები არ განიხილება. ტექსტები სასურველია აკრეფილი იყოს „სილფაინით“ 11 ზომის შრიფტით და „ვორდის“ ფორმატში”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოვლინდება სამი გამარჯვებული ავტორი, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით: I ადგილი - 1500 ლარი; II ადგილი - 1000 ლარი ; III ადგილი - 500 ლარი ; საუკეთესო ნაწარმოებებს წიგნად გამოსცემს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“. თითოეული შერჩეული ნაწარმოების საჯარო სივრცეში რაიმე სახით გამოქვეყნება სასკოლო შეფასების მიზნით გამოყენებამდე, არ იქნება შესაძლებელი.

იმისათვის, რომ სრულფასოვნად მომზადდეს სხვადასხვა სახის ტესტური დავალებები, ცენტრი იტოვებს ტექსტების ადაპტირების უფლებას (ავტორის მითითებით).
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 68