ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
23/12/2020
„დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო“ ჩატარებული კვლევის საფუძველზე შეიქმნება
„დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო“, როგორც სკოლის მართვის დამხმარე პროდუქტი, საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დისტანციური სწავლების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით იქმნება. სკოლის ადმინისტრატორებისათვის ის მოიაზრება, როგორც სკოლის მართვის ერთიანი გზამკვლევი პრაქტიკული რეკომენდაციებითა და ინსტრუქციებით და მიზნად ისახავს ქართული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობას დისტანციური სწავლების ეფექტიანად განხორციელებაში. მასში თავმოყრილი იქნება როგორც საქართველოს, ისე უცხოური ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება პრაქტიკული/კონკრეტული რეკომენდაციებითა და ინსტრუქციებით.
ამ დროისათვის უკვე დასრულდა პროექტზე მუშაობის პირველი ეტაპი - კვლევითი სამუშაოები საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონის მასშტაბით სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შედეგად ადმინისტრირებისა და სასწავლო პროცესის დაგეგმვის პრობლემების, გამოწვევების, საჭიროებისა და კარგი პრაქტიკის გამოვლენის მიზნით.კვლევაში მონაწილეობდნენ დისტანციური სწავლების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი და დისტანციურ სწავლებაში ჩართული პირები - დირექტორები, მასწავლებლები და მშობლები.
კვლევის თემატიკა მოიცავდა იმ ძირითად გამოწვევებსა და სირთულეებს, რომლებიც დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შედეგად გამოიკვეთა, როგორც სკოლის ადმინისტრირების კუთხით, ისე სწავლა სწავლების მიმართულებით. კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულ მასწავლებელთა აბსოლუტური უმრავლესობა ზედმიწევნით ასრულებს დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებულ მითითებებს სკოლის დირექციისგან. გამოკითხულ მასწავლებელთა 85%-ს სურს დამატებითი ინფორმაციის მიღება კომპლექსური შემაჯამებელი დავალებების სპეციფიკისა და შედგენის შესახებ. მასწავლებლების 80 % -ზე მეტი აღნიშნავს, რომ სასურველია, ერთი რესურსის სახით, ხელი მიუწვდებოდეთ დისტანციური სწავლების მრავალფეროვან მეთოდოლოგიაზე, პლატფორმასა და რესურსზე, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს დისტანციური სწავლების პროცესის სწორად წარმართვას და გამარტივებას, სწავლა-სწავლების პროცესის მონაწილე პირთათვის გარემოს შექმნას. კვლევაში მონაწილე დირექტორებისა და მასწავლებლების 90 %-ზე მეტს სურს გაეცნოს დისტანციური სწავლების წარმატებულ მაგალითებს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო გამოცდილებიდან. კვლევაში მონაწილე პირთა 90% გამოკვეთს დისტანციური სწავლების პროცესში სსსმ მოსწავლეების ჩართულობის პრობლემას და სურს მეტი პრაქტიკული რეკომენდაციის მიღება საგაკვეთილო პროცესის წარმართვასა და ინდივიდუალური დავალებების შედგენასთან დაკავშირებით. დირექტორების აბსოლუტური უმრავლესობისთვის პრობლემას წარმოადგენს დისტანციური სკოლის მართვის პირობებში სასწავლო პროცესის ერთიანი სურათის დანახვა. შესაბამისად, სურს, სკოლის მართვის ადმინისტრირებისა და მონიტორინგის მიმართულებით მეტი ინფორმაციის მიღება. მშობლების 100%-ს, მასწავლებლებისა და დირექტორების 85%-ზე მეტს, სურთ მიიღონ რეკომენდაციები მოსწავლეების ფსიქო-ემოციური ფონის და მისი მართვის შესახებ პანდემიის პირობებში. მშობლების უმრავლესობა სურვილს გამოთქვამს მიიღოს ფსიქოლოგის რჩევები მათი პოზიტიური როლის გაზრდის, მხარდაჭერის კონკრეტული მექანიზმების შესახებ, ვინაიდან მოსწავლეების 70 % ზე მეტი, დისტანციური სწავლების პირველ ეტაპზე საგაკვეთილო პროცესს არ აღიქვამდა ინსტიტუციურ რეალობად. მოსწავლეების 60%-ზე მეტს უჭირდა ვიდეო თვალის ჩართვა გაკვეთილის მსვლელობის დროს და აღიქვამდა როგორც პირადი სივრცის დარღვევას. ასევე მოსწავლეების დიდ ნაწილისთვის სირთულეს წარმოადგენდა საგაკვეთილო განწყობის შექმნა და მობილიზება.
კვლევის შედეგებიდან გამომდინარე მიგნებების საფუძველზე ინტერვენციისათვის შეიქმნა სახელმძღვანელოს თემატიკა. ესენია:
• დისტანციური განათლების არსი და თეორიული საფუძვლები;
• დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიური მიდგომები;
• დისტანციური სწავლების საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვა - საქართველო და მსოფლიო;
• დისტანციური სწავლების ადმინისტრირების ინსტრუქცია;
• ახალი სკოლის მოდელი დისტანციური სწავლებისას;
• ონლაინ პლათფორმების და ელექტრონული რესურსების გამოყენება დისტანციური სწავლების დროს;
• არაფორმალური განათლების როლი დისტანიციური სწავლების პროცესში;
• დისტანციური სწავლების პროცესი სსსმ მოსწავლეებთან;
• ფსიქოლოგის რჩევები დისტანციური სწავლების პროცესში - გამოწვევები და ბარიერები;
• მშობლის როლი დისტანციური სწავლების პროცესში/ მოსწავლის მხარდაჭერა;
• პროფესიული განვითარების მხარდაჭერა დისტანციური სწავლების პროცესში.
სახელმძღვანელო დასრულების ეტაპზეა და იგი შინაარსობრივი თვალსაზრისიდან გამომდინარე დაეხმარება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ადმინისტრატორებს ეფექტიანად უხელმძღვანელონ ონლაინ სწავლების პროცესს. უკეთ დაგეგმონ, წარმართონ, შეაფასონ და გააუმჯობესონ სკოლაში მიმდინარე დისტანციური სწავლება. ასევე, გაეცნონ საქართველოსა და საერთაშორისო გამოცდილებას აღნიშნული მიმართულებით.
პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება.
სახელმძღვანელოს თანადამფინანსებელი და აქტიური მხარდამჭერია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 353