ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
08/12/2017
16 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია პროფესიულ განათლებაში
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის ფარგლებში 16 მილიონი აშშ დოლარი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიების და აღჭურვილობის შესაძენად იხარჯება.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიზანი საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი სამუშაო ძალის განვითარების ხელშეწყოობაა. პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკური განვითარებისთვის“ აღნიშნული მიზნის მისაღწევად ხორციელდება.
აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის საერთაშორისო ხელშეკრულების - კომპაქტის - ფარგლებში, 16 მილიონი დოლარი სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის გამოიყო.
– საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი დასაყრდენი პროფესიული განათლების განვითარებაა, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მთავარ გამოწვევად კვალიფიციური და კონკურენტული სამუშაო ძალის არარსებობა რჩება.
ბაზრის ანალიზი გვიჩვენებს, რომ არსებული დანაკლისები შეიძლება იყოს შევსებული პროფესიული განათლებით.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი საერთაშორისო ხელშეკრულების - კომპაქტის - ფარგლებში, 16 მილიონი დოლარი სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყო.
12 მილიონი აშშ დოლარით ვაფინანსებთ ათ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც შექმის ან გააუმჯობესებენ შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამის 45 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. მთავარი მიზანი პროფესიული განათლების პოპულარობის გაზრდა, პროფესიული პროგრამების მაღალი ხარისხი და დეფიციტურ პროფესიებზე საგანმანათლებლო პროგრამების შექმნაა.
მიმდინარე წელს, 4 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიების და აღჭურვილობის შესაძენად. შევიძინეთ სასწავლო ლაბორატორიები, სიმულატორები, დანადგარები, რეაქტივები და ყველა ის მასალა, რომელიც თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტის შესაფერისი საგანმანათლებლო პროგრამების ფუნქციონირებისა და საერთაშორისო სერტიფიცირების პირობების დასაკმაყოფილებლად არის საჭირო – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე.
ფონდმა 2017 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით შეისყიდა და საქართველოში შემოიტანა უახლესი ტექნიკა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, მათ შორის:

• ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისთვის – ამწე კრანის სიმულატორი და მეთევზეების გემის სანავიგაციო გემბანის აღჭურვილობის სიმულატორი.
• საზოგადოებრივი კოლეჯი სპექტრისთვის – კონდიცირების და ელექტრიკოსის სასწავლო ლაბორატორიები.
• საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტისთვის – ვერტმფრენის სიმულატორი.
• საზოგადოებრივი კოლეჯი სპექტრისა და ბათუმის საზღვაო აკადემიისთვის – ვირტუალური შედუღების სიმულატორი და აღჭურვილობა.
• ა(ა)იპ საქართველოს რკინიგზის კოლეჯისთვის – მატარებლების ვირტუალური სიმულატორები და კომპიუტერული აღჭურვილობა.
• პროფესიული კოლეჯი „ფაზისისთვის“ – სურსათის უსაფრთხოების ბიოლოგიური ლაბორატორიის აღჭურვილობა და ინსტრუმენტები.
• საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრისთვის – მაღალი და დაბალი ძაბვის ელექტრიკოსის სასწავლო ლაბორატორია, ელექტრონული სწავლების ლაბორატორია და საწარმოო პროცესების ლაბორატორია.

“პროგრამებზე სწავლა ორწლიანია და სტუდენტების პირველი მიღება უმრავლეს პროგრამებზე განხორციელდა 2017 წლის ბოლოს. სასწავლებლები ახალი პროგრამების კურსდამთავრებულთა პირველ ნაკადს 2019 წლიდან გამოუშვებს და მათი დასაქმების მაჩვენებელს მხოლოდ ორ წელიწადში მივიღებთ. თუმცა, კერძო სექტორის და დამსაქმებლების ასეთი უპრეცენდენტო მონაწილეობა გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ წარმატებულ კურსდამთავრებულებს დასაქმების პრობლემა არ შეექმნებათ.
პროფესიული განათლება უფრო მიმზიდველი ხდება. აუცილებელია, წარსულს ჩაბარდეს დრო, როდესაც პროფესიული განათლება პრესტიჟულად არ ითვლებოდა და ახალგაზრდების უმრავლესობისთვის უმაღლესი განათლება იყო ერთადერთი ალტერნატივა!” – მაგდა მაღრაძე,
ორგანიზაციის შესახებ
ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობის მიზნით აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ (Millennium Challenge Corporation - MCC) მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის 140 მილიონი აშშ დოლარის მეორე კომპაქტის გამოყოფის თაობაზე.

2013 წლის 26 ივლისს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტის ხელშეკრულებას, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. საერთაშორისო და ადგილობრივმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოში მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა, განსაკუთრებით საინჟინრო და საბუნებისმეტყველო დარგებში, შესაბამისად, მეორე კომპაქტის ძირითადი მიმართულებებია:

ზოგადი განათლება: ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების მიზნით საქართველოს რეგიონებში 100-მდე საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლების ტრენინგების და საკლასო, ეროვნული და საერთაშორისო შეფასებების განხორციელება. აღნიშნული მიზნების მისაღწევად მოხდება 76 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა.

პროფესიული განათლება: ადგილობრივი ეკონომიკისათვის შესაბამისი, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული პროფესიული განათლების მიწოდების უზრუნველყოფა. პროექტის განსახორციელებლად მოხდება 16 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა.

უმაღლესი განათლება: მეორე კომპაქტის ფარგლებში მოხდება მაღალი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის უმაღლესი განათლების პროგრამების დანერგვა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის მიმართულებებში (STEM). აღნიშნული პროექტი გულისხმობს ამერიკული და ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტების პარტნიორობას კონსორციუმის ფარგლებში და საქართველოში ამერიკული უნივერსიტეტების საბაკალავრო პროგრამების განხორციელებას. ასევე, თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტების პროგრამების განვითარებას. უმაღლესი განათლების პროგრამის მიმართულებისათვის მოხდება 30 მილიონი აშშ დოლარის გრანტის გამოყოფა.

სოციალური და გენდერული უთანასწორობა მნიშვნელოვნად აფერხებს ეკონომიკურ ზრდასა და სიღარიბის აღმოფხვრას. შესაბამისად, მეორე კომპაქტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სოციალური და გენდერული ასპექტების ინტეგრირებას პროექტების განხორციელების ყველა ეტაპზე.

MCC–ის მეორე კომპაქტს საქართველოში ახორციელებს სსიპ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (MCA-Georgia).
წაკითხულია: 867