ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
USAID REAP-ის კულინარიული კონკურსი
01/05/2017
ვინ?: თავისუფალი უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია USAID-ის პროგრამა REAP-თან ერთად.
რა?: გაიმართება კულინარიული კონკურსი.
სად?: თავისუფალ უნივერსიტეტში.
როდის?: 2017 წლის 5 მაისს, 13:30 ზე.
რატომ?: ღონისძიება აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობის 25 წლისადმი მიძღვნილი იუბილეს ფარგლებში იმართება და მიზნად ისახავს ქართული აგრო-პროდუქციის წარმოების ხელშეწყობას და აშშ-სა და საქართველოს მთავრობების მხარდაჭერის დემონსტრირებას.
აშშ. ელჩის მოადგილე საქართველოში ნიკოლას ბერლინერი, USAID-ის მისიის დირექტორი დაგლას ბოლი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე მონაწილეობას მიიღებენ კულინარიულ კონკურსში და მოამზადებენ კერძებს. გამოყენებული იქნება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, USAID REAP-ის და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს (APMA) ბენეფიციარების მიერ საქართველოში წარმოებული პროდუქციით. კონკურში მონაწილეებს დახმარებას კულინარიის აკადემიის სტუდენტები გაუწევენ.

მომზადებულ კერძებს შეაფასებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ცნობილი ქართველი შეფ-მზარეული მერიკო გუბელაძე და ცოდნის ფონდის დირექტორი ანასტასია ბენდუქიძე. დაჯილდოვდება ყველაზე საინტერესო და გემრიელი კერძის ავტორი.

ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოში წარმოებული აგრო-პროდუქციის პოპულარიზაციას. კონკურსზე გამოყენებულ ყველა პროდუქტს მიღებული აქვთ ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები, რაც პროდუქციის ევრო კავშირში გატანას შეუწყობს ხელს და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება DCFTA-სკენ.


******
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ 19.5 მლნ დოლარით დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის 5-წლიანი პროექტის (REAP) მიზანია საწარმოების განვითარება აგრობიზნესებში ინვესტირებისა და მათთვის მოთხოვნებზე მორგებული კონსულტაციების გაწევის გზით სოფლად შემოსავლებისა და დასაქმების ზრდა. REAP მუშაობს სოფლის მეურნეობის სექტორში კერძო ინვესტიციებისა და კომერციული დაფინანსების გაზრდის, აგრობიზნესებისთვის რისკების შემცირების, ფერმერთა სასოფლო-სამეურნეო და ტექნიკური უნარების გაძლიერებისა და სერვისების მიმწოდებლებს, მწარმოებელ და გადამამუშავებელ საწარმოებს შორის მდგრადი კომერციული კავშირების გაფართოების მიმართულებით.


USAID საქართველოში: ბოლო 25 წლის განმავლობაში, ამერიკელმა ხალხმა, USAID-ის მეშვეობით, 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გაუწია საქართველოს. USAID-ის პროექტები მიზნად ისახავს დახმარების გაწევას საქართველოსათვის თავისუფალი და ძლიერი დემოკრატიის მშენებლობის პროცესში და მოიცავს ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური განვითარების დაჩქარებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გაუმჯობესებაზე. USAID უწევს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას 100-ზე მეტ ქვეყანას. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://georgia.usaid.gov და www.facebook.com/USAIDGeorgia

წაკითხულია: 4844