ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სკოლის დირექტორებისთვის “სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ გაიმართება
08/09/2017
ვინ?: „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
რა?: საჯარო სკოლის დირექტორებისთვის “სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ გაიმართება.
სად?: თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“.
როდის?: 2017 წლის 9-10 სექტემბერს, 14 საათზე.
რატომ?: კონფერენციის მიზანია სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
კონფერენციას 200-ზე მეტი საჯარო სკოლის დირექტორი და 50-ზე მეტი განათლების სპეციალისტი დაესწრება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კოლეგებისა და ფართო საგანმანათლებლო საზოგადოებისთვის საკუთარ გამოცდილებისა და მიღწევების გაზიარების შესაძლებლობა მიეცემათ საჯარო სკოლების დირექტორებს.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს, აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი.
„სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ ერთგვარი პლატფორმაა, რომლის საშუალებითაც დირექტორები “მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის” ფარგლებში ჩატარებული ტრენინგ-მოდულებისა და კვარტლური შეხვედრების შედეგად მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებენ თავიანთ კოლეგებს და, ამავდროულად, გაეცნობიან საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით, მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიაში განათლების მართვის სფეროში არსებული ტენდენციების, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.
პროექტის ფარგლებში შეთავაზებული პროფესიული განვითარების გრძელვადიანი ტრენინგ კურსი - ლიდერობის აკადემია, ხელს შეუწყობს სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას.
ლიდერობის აკადემია სამი დონისაგან შედგება და წარმოადგენს ტრენინგ-მოდულების ერთობლიობას, რომელიც 2016 წლის 15 აგვისტოს დაიწყო და 2018 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაგრძელდება. პროგრამაში ყველა საჯარო სკოლის დირექტორია ჩართული. ლიდერობის პირველი აკადემია 1700-ზე მეტმა საჯარო სკოლის დირექტორმა 2016 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე გაიარა.
წაკითხულია: 3420