ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ტექნო პარკში IYIPO-ს რესპუბლიკური ოლიმპიადა გაიმართება
15/03/2016

მედია ანონსი

15 მარტი, 2016
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
მაიკო ჩიტაშვილი,
maiko@publicity.ge
+995593260609;
www.iyipo.ge

 

ტექნო პარკში IYIPO-ს რესპუბლიკური ოლიმპიადა გაიმართება

19 მარტს, ტექნო პარკში,  ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადა IYIPO-ს რესპუბლიკური ტური გაიმართება. IYIPO წელს მეათედ ჩატარდება და მას ახალგაზრდა ინოვატორებისთვის შექმნილი, უნიკალური შესაძლებლობების სივრცე - ტექნო პარკი უმასპინძლებს.

კონკურსში, რომელსაც გამოფენის სახე ექნება და ღია იქნება დამთვალირებლებისთვის, მერვე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც სპეციალურად შექმნილი გამოგონება ექნებათ წარმოდგენილი ჟიურისა და დამთვალირებლების წინაშე. ნაშრომები წარმოდგენილი იქნება შემდეგ დისციპლინებში: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ინფორმატიკა და ინჟინერია. წელს IYIPO ნორჩ მეცნიერებს მორიგ სიახლეს სთავაზობს და ახალგზარდა მონაწილეებს საკუთარი ნაშრომების წარმოდგენა ეკოლოგიაშიც შეეძლებათ. ტექნო პარკში წარმოდგენილ 50-ზე მეტ პროექტს სპეციალური ჟიური შეაფასებს. შერჩეული ნაშრომები უკვე ფინალურ ეტაპზე გადავლენ და საერთაშორისო ოლიმპიადაზე გააგრძელებენ ასპარეზობას. IYIPO-ს ფინალი წელს 21-23 აპრილს გაიმართება, სადაც ქართველი მონაწილეების გარდა 40 ქვეყანის 150-მდე ნორჩი მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას.


ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან, ფართო წრეებს გააცნოს საკუთარი მიღწევები და ნოვატორული პროექტები. ოლიმპიადა, ერთი მხრივ ეხმარება ახალგაზრდებში სამეცნიერო უნარების განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ ხელს უწყობს ინოვაციაზე დამყარებული ბიზნეს იდეების განვითარებას, მომავალი თაობის წახალისებას, მათ წიგნიერებისა და მეცნიერებისაკენ სწრაფვას. საერთაშორისო ოლიმპიადა აერთიანებს მრავალ ქვეყანას, აახლოებს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებსა და კულტურებს. 

ოლიმპიადის შესახებ:
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადა - IYIPO ყოველ წლიურად გაზაფხულზე იმართება. ტრადიციულად პროექტის ფინალში 200-ზე მეტი ნორჩი გამომგინებელი იღებს მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 
ოლიმპიადაში მონაწილეობის საშუალება ეძლევა VII-XII კლასის მოსწავლეს, რომელსაც საკუთარი გამოგონება ან ინოვაციური პროექტი აქვს. ოლიმპიადის სექციები შემდეგ დისციპლინებს მოიცავს: ქიმია, ბიოლოგია-ეკოლოგია, ინჟინერია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა.

 

წაკითხულია: 6620