ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
04/03/2020
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
2020 მარტში საქართველო სამ საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე წარდგება
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის და მწერალთა სახლის ორგანიზებითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, 2020 წლის მარტში, საქართველო და ქართული ლიტერატურა ლონდონის (10-12 მარტი), ლაიფციგისა (12-15 მარტი) და პარიზის (20-23 მარტი) წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე ეროვნული სტენდებით წარდგება სლოგანით Follow the Journey of Georgian Charachters.
2020 წლის 20-23 მარტს პარიზის წიგნის ბაზრობაზე (Salon du Livre de Paris) საქართველო ეროვნული სტენდით პირველად წარდგება. პარიზის წიგნის ბაზრობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ევროპის წიგნის ბაზრობებს შორის. ყოველწლიურად 3000-მდე ავტორი და გამომცემელი ხვდება მკითხველს და წარადგენს ახალ წიგნებს. საქართველოსთვის პარიზის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობა ქართული ლიტერატურის ფრანკოფონიულ ქვეყნებში პოპულარიზაციის საუკეთესო შესაძლებლობაა. ის ასევე ხელს შეუწყობს ქართველ და ფრანკოფონ გამომცემლობებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ახალი, ქართული ლიტერატურისთვის განსხვავებული ბაზრის ათვისებას.
მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში ღონისძიებები გაიმართება როგორც პარიზის წიგნის ბაზრობის სპეციალურ თემატურ სცენებზე, ასევე ქალაქის ლიტერატურულ სივრცეებში. შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ლანა ღოღობერიძე, ბესიკ ხარანაული, ლევან ბერძენიშვილი, ლაშა ბუღაძე, გიორგი კეკელიძე, ბასა ჯანიკაშვილი, დავით მაჭავარიანი, დავით ლორთქიფანიძე, ლაშა ბაქრაძე. ქართველ გამომცემლებს საშუალება ექნებათ ეროვნულ სტენდზე გამართონ შეხვედრები და თავიანთი წიგნები წარუდგინონ უცხოელ გამომცემლებს.
პარიზის აღმოსავლურ ენათა და კულტურათა ეროვნულ უნივერსიტეტში (ინალკო) ჩატარდება კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა თემაზე ისაუბრებენ საქართველოს და საფრანგეთის ლიტერატურული და აკადემიური ინსტიტუციების წარმომადგენლები და ქართველი მწერლები: ბესიკ ხარანაული, ლევან ბერძენიშვილი, ლაშა ბუღაძე. კონფერენციაზე დაანონსდება „2021 წელს თბილისი წიგნის დედაქალაქი“ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები. ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის მერია და UNESCO.
2020 წლის 10-12 მარტს საქართველო ეროვნული სტენდით მერვედ წარდგება ლონდონის წიგნის ბაზრობაზე - London Book Fair, სადაც ქართველი გამომცემლები ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ უცხოელ კოლეგებთან. სტენდზე დამთვალიერებელი გაეცნობა ახალ ქართულ

გამოცემებს და მიიღებს ინფორმაციას ქართული ლიტერატურისა და კულტურის შესახებ. აღსანიშნავია, რომ 2020 წელი ბრიტანეთში გამოცხადებულია ქართული სეზონის წლად - Georgian Season. 2020 წლის განმავლობაში კიდევ არაერთი ღონისძიება დაიგეგმება.

2020 წლის 12-15 მარტს საქართველო ეროვნული სტენდით წარდგება ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე - Leipziger Buchmesse. ქართველი მწერლები და ილუსტრატორები ანა კორძაია-სამადაშვილი, დავით მაჭავარიანი (კაკადუ), ლია სტურუა, სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა და თეონა დოლენჯაშვილი ბაზრობის ტერიტორიაზე და ლაიფციგის სხვადასხვა ლიტერატურულ და კულტურულ დაწესებულებაში გამართავენ შეხვედრებს. საქართველო ლაიფციგის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე ეროვნული სტენდით მეცხრედ წარსდგება.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2257