ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
11/11/2020
USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდსა და სამმხრივი მიმართულების კვლევების ინსტიტუტს (RTI) შორის ხელშეკრულება გაფორმდა
11 ნოემბერს, სამმხრივი მიმართულების კვლევების ინსტიტუტსა (RTI) და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში USAID საბაზისო განათლების პროგრამა, რომელსაც RTI ახორციელებს, სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივების დასანერგად საგრანტო დაფინანსებას მიიღებს.
ორგანიზაციების თანამშრომლობის ფარგლებში საქმიანობა სამი მიმართულებით წარიმართება:
1. მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია: ცალკეული რეგიონების საუკეთესო მასწავლებლების წარმოჩენა, წახალისება და საზოგადოებისათვის გაცნობა. 2020 წლის ნოემბერში USAID საბაზისო განათლების პროგრამა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამოაცხადებს კონკურსს საუკეთესო მასწავლებლების გამოსავლენად. ჟიურის მიერ შერჩეული გამარჯვებულები 2021 წლის მაისში დასახელდება.
2. მშობლებისა და საზოგადოების ეფექტიანი ჩართულობის წახალისება: პროგრამის ფარგლებში დაიგეგმება სხვადასხვა აქტივობები მოსწავლეთა მშობლებისა და საზოგადოების ჩართულობით, რაც დადებითად აისახება მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებისა და შედეგებზე, ხელს შეუწყობს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარებას.

3. პროექტის მესამე ინიციატივაში, სახელწოდებით „ახალი თაობა“ ჩაერთვებიან რვა რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტი და მათემატიკისა და წიგნიერების სპეციალისტები. მასწავლებელთა მოსამზადებელი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებთან ერთად შემუშავდება სკოლისშემდგომი აქტივობები არაფორმალური განათლების ფორმატში. აქტივობები მიმართული იქნება მოსწავლეებში 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარების განვითარებისკენ, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად და ქვეყნის ადამიანური კაპიტალის გასავითარებლად.
ორგანიზაციის შესახებ
RTI-ს შესახებ: RTI ახორციელებს USAID საქართველოს მიერ დაფინანსებულ ოთხწლიან საბაზისო განათლების პროგრამას, რომლის მიზანია ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმების მხარდაჭერა და დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების ხელშეწყობა წიგნიერებისა და მათემატიკის მიმართულებით. პროგრამა ხორციელდება და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, რვა უნივერსიტეტთან და ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.

ფონდის შესახებ: გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა საქმიანობა 2017 წელს დაიწყო. საქველმოქმედო ორგანიზაცია ინა გუდავაძის ინიციატივითა და დაფინანსებით შეიქმნა. მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას. გპფ სამი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს საქმიანობას: სასკოლო, საშუალო სპეციალური და უმაღლესი განათლება.
წაკითხულია: 1537