ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ბერბუკის დევნილთა ჩასახლებაში სოციალური საწარმო - საბავშვო ბაღი გაიხსნა
08/03/2016
ბერბუკის დევნილთა ჩასახლებაში სოციალური საწარმო - საბავშვო ბაღი გაიხსნა

7 მარტს, გორის მუნიციპალიტეტის ბერბუკის დევნილთა დასახლებაში, არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდისა და ცენტრი „აფხაზეთის" ხელშეწყობით, ასევე გორის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ღონისძიებას დაესწრებიან: გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, ასევე პროექტში ჩართული მხარეები.

ბერბუკის საბავშვო ბაღი სოციალური საწარმოა და იგი პროექტის "სოციალური საწარმოები დევნილთათვის" ფარგლებში შეიქმნა, რომელსაც გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB Georgia) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" შიდა ქართლში 2015 წლიდან ახორციელებენ. 

პროექტის ფარგლებში სრულიად აღიჭურვა ბაგა-ბაღი და ასევე მოხდა ახალ პროექტში ჩართულ პედაგოგთა გადამზადება. მიმდინარე თვიდან ბაღი უკვე ემსახურება 40-მდე დევნილ სკოლამდელ აღსაზრდელს, შენობა ასევე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებისთვისაც. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სოციალური საწარმოს მიმდინარე ხარჯებს სრულად ანაზღაურებს გორის მუნიციპალიტეტი.

ბერბუკის საბავშვო ბაგა-ბაღი პირველი საწარმოა, რომელიც პროექტის "სოციალური საწარმოები დევნილთათვის" ფარგლებში ამოქმედდა შიდა ქართლში. მიმდინარე თვიდან ეტაპობრივად ფუნქციონირებას დაიწყებს პროექტის ფარგლებში დაფინანსებული 5 სოციალური საწარმოც, რომელთაგან 3 ბიზნესზე ორიენტირებული პროექტია. 
###

 

ASB-საქართველო: ASB-მ საქართველოში საქმიანობა 1992-1997 წლებში დაიწყო, ხოლო 2010 წელს ქ. კიოლნის ფედერალური ოფისის ინიციატივით, საქართველოში გაიხსნა ASB-ს ქართული ოფისი. დღეს ASB საქართველოში მუშაობს სოციალური სერვისების, კატასტროფის რისკების შემცირებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რეინტეგრაციის კუთხით. ამ მიმართულებით ორგანიზაცია ახორციელებს რამდენიმე პროექტს მთელი ქვეყნის მასშტაბით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.asb.ge
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი", დაარსებული 1995 წელს, არის ქართული, არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომლის მისიაა კონფლიქტით დაზარალებული და სხვა სოციალურად დაუცველი პირების საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.chca.org.ge
პროექტი დაფინანსებულია აშშ მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით

 

წაკითხულია: 4530