ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
26/03/2021
ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის 2020 წლის ჯილდოს გამარჯვებულები ცნობილია

25 მარტს ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით გაიმართა ყოველწლიური კონკურსის ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის დაჯილდოების ცერემონია. კონკურსის მიზანია გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვა ქვეყანაში და იმ კომპანიების წახალისებაა, რომლებიც წარმატებით ამკვიდრებენ ქალების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მხარდაჭერის კორპორაციულ კულტურას.

„კრისტალი“, „ჯეპრა“ და „აჭარა ჯგუფი“ - ეს ის სამი კომპანიაა, ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის ჯილდოს 2020 წლის გამარჯვებულები გახდნენ. 


ჯილდო გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ინიციატივას ეფუძნება, კერძოდ, ქალთა უფლებების გაფართოების მეოთხე პრინციპს - ქალების განათლების, სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და ხელს უწყობს ქალების განათლებასა და პროფესიულ განვითარებას სამუშაო ადგილებზე. 


როგორც ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი  მაგდა  მაღრაძე აღნიშნავს,  კონკურსის შეფასებისას კომისია გამოავლენს ისეთ კომპანიებს, რომლებიც ახალ ინიციატივებს ახორციელებენ გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ნერგავენ გენდერული თანასწორობის პრინციპებს სამუშაო ადგილებზე და სთავაზობენ პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს ქალ თანამშრომლებს. 


დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოსადმი და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის  ღონისძიებები მნიშვნელოვანია ქვეყანაში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით. გენდერული უთანასწორობა მნიშვნელოვანი ბარიერია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირებისთვის, ამიტომაც აუცილებელია კერძო სექტორმა თავისი წვლილი შეიტანოს გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვაში. 


ქალებს, სახელმწიფო და კერძო სექტორში დასაქმებისა თუ ოჯახში შესრულებული სამუშაოს ხარჯზე, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. თუმცა, დისკრიმინაციული მიდგომების გამო, მათზე ხშირად, უფრო მეტად აისახება ეკონომიკური სიდუხჭირე. 


პრობლემის არსსა და თანაბარი დასაქმების შესაძლებლობების შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ კახაბერ კუჭავამ: 


„მსგავსი კონკურსები გვეხმარება გამოვავლინოთ თუ რამდენი საინტერესო ინიციატივა არსებობს კომპანიებში, რომელთა გამოცდილების გამოყენებაც შეიძლება სხვადასხვა ორგანიზაციაში, რათა ქალებისათვის ბევრად უფრო სახარბიელო და თანასწორი დასაქმების შესაძლებლობები შეიქმნას ქვეყანაში,“ - აღნიშნა კახაბერ კუჭავამ. 


ათასწლეულის ფონდმა კონკურს „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ საფუძველი 2016 წელს ჩაუყარა, რომელიც მიზნად ისახავს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური კომპაქტის მიერ ჩამოყალიბებული ქალთა გაძლიერების პრინციპების პოპულარიზებას საქართველოში. ბოლო ოთხი წლის მანძილზე, კონკურსში 200-მდე კომპანიას აქვს მონაწილეობა მიღებული. გამარჯვებულ კომპანიებს შორის არიან ბანკები, უნივერსიტეტები, სადაზღვევო და სატელეკომუნიკაციო კომპანიები, სასტუმრო და სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლები, ღვინის მწარმოებლები და ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციები.


2020 წლის გამარჯვებული კომპანიების შესახებ


 „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ 2020 წლის გამარჯვებულები გახდნენ: 


ფინანსური ორგანიზაცია "კრისტალი" ქალთა გენდერული გაძლიერებისთვის ყველაზე მასშტაბურ ინიციატივას „ბაზ საქართველოს" ახორციელებს, რომლის მიზანია პიროვნული განვითარება და სამეწარმეო და ბიზნეს განათლება ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოს რაიონებსა და სოფლებში მცხოვრები ქალებისთვის. პროგრამის ფარგლებში - 2020-2024 წლებში, კრისტალის ექსპერტ-ტრენერების დახმარებით 2,500-ზე მეტ ქალს ექნება წვდომა ცოდნაზე, მეწარმეობაზე, ფინანსებსა და ბიზნეს სერვისებზე. "კრისტალი" სხვადასხვა რეგიონალურ სათემო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ასევე ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ქალების სოციო-ეკონომიკურ განვითარებას შეუწყოს ხელი. ქალ თანამშრომელთა გაძლიერებისთვის კი ორგანიზაციაში განხორციელა ქალთა მენტორობის პროგრამა.


 აჭარა ჯგუფი ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერი კომპანიაა, რომლისთვისაც ყველა დონეზე გენდერული თანასწორობის მიღწევა ერთერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. კომპანიამ ქალთა გაძლიერების პრინციპების ინტეგრირება მოახდინა ბიზნესის ფასეულობებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. ამჟამად, აჭარა ჯგუფში შემავალი ყველა კომპანიის გენერალური მენეჯერი ქალია. 


კომპანიაში „ჯეპრაში“ თანამშრომელ ქალთა განათლების, სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს ტრენინგებისა და მენტორობის სისტემა, რომელიც მოიცავს როგორც გენდერულ საკითხებს, ასევე ზოგად მიმართულებებს კონსალტინგის, კრიზისების მართვის, საკომუნიკაციო კამპანიების წარმოების, მედია დაგეგმარების, ბრენდინგის და სხვა მრავალი საკითხის სწავლებას.


 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


თათია ხუბულავა


საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი,  ათასწლეულის ფონდი


557– 516363| tkhubulava@millennium.org.ge

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1716