ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
02/05/2017
გაერო მხარს უჭერს საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ ყოვლისმომცველ კანონს
გაეროს ქვეყნის გუნდი საქართველოში მიესალმება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიერ თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრის კუთხით გაღებულ ძალისხმევას. საქართველო იმ ქვეყნების რიგს განეკუთვნება, სადაც თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი ძალიან მაღალია.
თამბაქოს მოხმარება იწვევს თამბაქოზე დამოკიდებულებას და დიდ ზიანს აყენებს როგორც მწეველებს, ასევე მათი ოჯახის წევრებსა და სრულიად საზოგადოებას. საქართველოში მწეველ მამაკაცთა პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს 57%-ს, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ ქალებს შორის მწეველების რაოდენობა ჯერ კიდევ შედარებით დაბალია, ბოლო წლების განმავლობაში მწეველი ქალების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა საქართველოში. ათასობით მწეველი და აგრეთვე მწეველთა გარემოცვაში მყოფი ადამიანი იტანჯება უამრავი დაავადებით, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ფილტვების დაავადებებით და კიბოთი. თამბაქოს ხანგრძლივი დროით მომხმარებელთა ნახევარი თამბაქოსთან დაკავშირებული დაავდებით იღუპება. საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 11 000 ადამიანი იღუპება თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებების გამო, და მათ შორის 3 000 არამწეველია. ეს საგანგაშო მაჩვენებლები ნათლად მიუთითებს თამბაქოს კონტროლის სფეროში მკაცრი და გადაუდებელი ქმედებების აუცილებლობაზე.
ამ კვირაში პარლამენტის მიერ განხილული კანონპროექტი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენის, ეკონომიკის ზრდისა და ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრირების თვალსაზრისით.
განვითარებად ქვეყნებში თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანი, ძირითადად ჯანმრთელობისადმი მიყენებული ზიანის კუთხით განიხილება, რაც იწვევს იმ მნიშვნელოვანი პრობლემების ნაწილობრივ უგულებელყოფას, რასაც თამბაქოს მოხმარება ქმნის სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი კუთხით. თამბაქოს კონტროლი ქვეყნის განვითარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი წარმატებით გახორციელების საქმეში საჭიროა სხვადასხვა სექტორების ჩართვა, როგორიცაა სავაჭრო, საფინანსო, მართლმსაჯულებისა და საგანმანათლებლო სექტორები. სწორედ ეს დაედო საფუძვლად საერთაშორისო საზოგადოების თანხმობას 2030 წლისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების დღის წესრიგში ჯანმო-ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის ჩართვის თაობაზე.
ჯანმო-ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია არის პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის შესახებ მოლაპარაკება წარიმართა ჯანმო-ს ეგიდით. აღნიშნული კონვენცია მიღებულ იქნა მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის მიერ 2003 წლის 21 მაისს გამართულ სხდომაზე და იგი წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მიღებულ და ფართოდ გავრცელებულ შეთანხმებას. ჯანმო-ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის შექმნა განაპირობა თამბაქოს ეპიდემიის გლობალურმა ხასიათმა. აღნიშნული კონვენცია წარმოადგენს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ხელშეკრულებას, რომელიც განამტკიცებს ადამიანის უფლებას ჯანმრთელობის უმაღლეს ხელმისაწვდომ სტანდარტებზე. კონვენცია წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ხელშეწყობის ახალ ეტაპს და ქმნის ახალ სამართლებრივ ჩარჩოს ჯანმრთელობის საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობისათვის. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომლებიც შეუერთდა აღნიშნულ კონვენციას 2006 წელს.
თამბაქოს ინდუსტრია ძლიერ აფერხებს თამბაქოს კონტროლის შესახებ მკაცრი და ყოვლისმომცველი კანონის შემოღებას. კანონპროექტის მიღებით საქართველო იღებს კონკრეტულ ვალდებულებებს და ხდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მონაწილე მხარე, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 356-ე მუხლით გათვალისწინებული დებულებების შესრულებას; თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაცია არის ევროპასთან ინტეგრაციის ერთ-ერთი წინაპირობა.
თამბაქოს მოხმარება ავადობისა და ნაადრევი სიკვდილიანობის მთავარ მიზეზს წარმოადგენს და, შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ მკაცრი და ყოვლისმომცველი კანონის შემოღებას.

წინასწარი დასკვნები თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის დანერგვის საქმეში საქართველოს მიერ გახორციელებული ინვესტიციის შედეგების შესახებ
საქართველოში თამბაქოს კონტროლის შედეგების შესახებ დამატებითი მტკიცებულების მოსაპოვებლად, ჯანმო-ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნო, გაეროს განვითარების პროგრამასთან და ჯანმო-სთან ერთად, აწარმოებს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის დანერგვის საქმეში გახორციელებული ინვესტიციის პილოტირებას.
გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO მიერ წარმოებული წინასწარი კვლევით დგინდება შემდეგი:
• წელიწადში, თამბაქოზე გაღებული ხარჯები საქართველოს ეკონომიკაში შეადგენს მშპ-ს დაახლოებით 2%-ს.
• თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი შეადგენს დაახლოებით 455 მლნ ლარს (მთლიანი ეკონომიკური ზარალის 86%-ს), ხოლო თამბაქოსთან დაკავშირებულ დაავადებაზე გაწეული ჯანდაცვის ხარჯები შეადგენს 73,5 მლნ ლარს (ჯანდაცვის მთლიანი ხარჯების 14%-ს).
• რეგიონში არსებულ სხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევების შედეგად დგინდება, რომ თამბაქოს მოხმარების სრული აკრძალვა რესტორნებსა და ბარებში არათუ უარყოფითად არ აისახება კვების მიწოდების სექტორის მიერ მიღებულ შემოსავლებზე, არამედ, რიგ შემთხვევაში დადებით შედეგს იძლევა ამ სექტორში შემოსავლების მოზიდვის თვალსაზრისით, როგორც მოკლევადიან ასევე საშუალოვადიან პერსპექტივაში. მოცემულ სექტორში აღნიშნული პოლიტიკის სავარაუდო შედეგია დასაქმების ზრდა და არა სამუშაო ადგილების კარგვა.
• შემოთავაზებული კანონპროექტის დამტკიცებისა და გატარების შემთხვევაში საქართველოს წლიური დანაზოგი შეადგენს 27 მლნ ლარს (იმ შემთხვევაში, თუ დავუშვებთ, რომ თამბაქოს მოხმარება წლიურად 2%-ით შემცირდება).


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ჩარჩო კონვენციის გავლენა თამბაქოს კონტროლზე
• ჯანმო-ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია არის პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის შესახებ მოლაპარაკება წარიმართა ჯანმო-ს ეგიდით. აღნიშნული კონვენცია ძალაში შევიდა 2005 წლის 27 თებერვალს.
• იგი წარმოადგენს პირველ საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტს, რომელიც შექმნილია მსოფლიოში თამბაქოს მოხმარებისა და თამბაქოთი გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების შემცირების მიზნით. ჯანმო-ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია ქვეყნების მთავრობებს სთავაზობს სისტემას, რომლის საფუძველზეც მათ შეუძლიათ ჩამოაყალიბონ თამბაქოს კონტროლის საკუთარი სტრატეგიები.
• ჯანმო-ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის წევრია 180 ქვეყანა, რომლებმაც კონვენციის რატიფიცირებასთან ერთად, თამბაქოს კონტროლის მიზნით გასატარებელი ამ ხელშეკრულებაში მოცემული ღონისძიებების გატარების სამართლებრივი ვალდებულება აიღეს.
• საქართველომ ჯანმო-ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 2006 წელს.
• საქართველო შეირჩა როგორც ჯანმო-ს ევროპის რეგიონის ერთადერთი წევრი ქვეყანა, და აგრეთვე იგი წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით შერჩეული 15 ქვეყნიდან ერთ-ერთს, რომელშიც დაინერგება ჯანმო-ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის პროექტი 2030 წლისათვის.

თამბაქოს კონტროლის ძირითადი ღონისძიებები
• თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო გაფრთხილებები: თამბაქოს საწინააღმდეგო რეკლამები და გრაფიკული გაფრთხილებები - სურათების თანხლებით - ამცირებს იმ მოზარდების რაოდენობას, რომლებიც თამბაქოს მოხმარებას იწყებენ, და ზრდის თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობას, რომლებიც თავს ანებებენ თამბაქოს მოხმარებას. გრაფიკული გაფრთხილება აიძულებს მწეველებს იზრუნონ არამწეველთა ჯანმრთელობაზე - თავი შეიკავონ თამბაქოს მოხმარებისაგან დახურულ სივრცეში და ბავშვების სიახლოვეს. საქართველოში სიგარეტის შეფუთვაზე ძალიან მკვეთრი გრაფიკული გაფრთხილებების დატანა 5 წელიწადში თამბაქოს მოხმარების 6%-ით შემცირებას გამოიწვევს (იხ. SimSmoke მოდელირება, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი).
• თამბაქოს ნაწარმის რეკლამირების, წახალისების, სპონსორობის სრული აკრძალვა იწვევს თამბაქოს მოხმარების შემცირებას დაახლოებით 7%-ით - ზოგიერთ ქვეყანაში აღნიშნული ღონისძიების შედეგად თამბაქოს მოხმარება 16%-ამდე შემცირდა. საქართველოში თამბაქოს რეკლამირების სრული აკრძალვა 5 წელიწადში გამოიწვევს თამბაქოს მოხმარების შემცირებას 10%-ით (იხ. SimSmoke მოდელირება, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი).
• თამბაქოზე გადასახადის გაზრდა წარმოადგენს თამბაქოს მოხმარების შემცირების ყველაზე ეფექტურ და ეკონომიურ გზას, განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და საზოგადოების ღარიბ მოსახლეობას შორის. თამბაქოზე გადასახადის გაზრდა, რომელიც მისი ფასის 10%-ით ზრდას იწვევს, მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში თამბაქოს მოხმარებას ამცირებს დაახლოებით 4%-ით, ხოლო დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში - დაახლოებით 5%-ით. საქართველოში თამბაქოზე გაზრდილი გადასახადები 5 წელიწადში გამოიწვევს თამბაქოს მოხმარების შემცირებას 18,2 %-ით (იხ. SimSmoke მოდელირება, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი). თამბაქოზე მაღალი გადასახადების დაკისრება მრავალი თვალსაზრისით მომგებიანი ღონისძიებაა, ვინაიდან იგი ხელს უწყობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ეკონომიკის ზრდას და მთავრობის შემოსავლების გაზრდას, რომელთა მიმართვაც შესაძლებელია განვითარებისა და ჯანმრთელობის სხვა ინიციატივების დასაფინანსებლად.
• ყველა დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილში, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მიხმარების სრული აკრძალვა. დადებითი შედეგები სახეზეა თამბაქოს კვამლისაგან თავისუფალი საზოგადოებრივი სივრცის შემოღებიდან 6 თვეში. საქართველოში, ყველა დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილში თამბაქოს მოხმარების სრული აკრძალვა 5 წელიწადში გამოიწვევს თამბაქოს მოხმარების შემცირებას 5,4 %-ით (იხ. SimSmoke მოდელირება, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი).


• მკაცრი კონტროლის დაწესება ელექტრო სიგარეტებზე ან მათი თამბაქოს პროდუქტების რანგში განხილვა.
• საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა თამბაქოს მწარმოებელთა კომერციული ინტერესების მსხვერპლად ქცევისაგან.
• თამბაქოს მოხმარებისათვის თავის დანებების მსურველთა ხელშეწყობა და მათი უზრუნველყოფა სათანადო რჩევებით.
• ჯანმო-ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის შესაბამისი მკაცრი პოლიტიკის გატარებით, 5 წელიწადში საქართველოში შესაძლებელია თამბაქოს მოხმარების შემცირება 40%-ით (იხ. SimSmoke მოდელირება, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი).
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2700