ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
06/05/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
გამოცხადდა მედია კონკურსი „ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის 2019“
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს 2019 წლის მედია კონკურსს „ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“.
ყოველწლიური კონკურსი CSRDG-ის მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, 1 წლის წინ დაფუძნდა. იგი ქართულ მედია სივრცეში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) აქტიური და სწორი გაშუქების ხელშეწყობას და ამ გზით CSR-ის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.
კონკურსი მოიცავს შემდეგ კატეგორიებს: 1. სტატია; 2. სატელევიზიო სიუჟეტი; 3. მულტიმედია, ვიდეო მასალა; 4. რადიო; 5. ბლოგი. საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა გამოქვეყნებული/გასული უნდა იყოს 2019 წლის 1 მაისიდან, 31 ოქტომბრამდე პერიოდში საქართველოში რეგისტიტრებულ მედია საშუალებაში ან ბლოგის მეშვეობით. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზი. კონკურსის მხარდამჭერმა კომპანიამ Japan Tobacco International (JTI) დააწესა სპეციალური პრიზი ორი გამარჯვებული ჟურნალისტისთვის, რომლებიც კომპანიის მხარდაჭერით ევროპის საგაზეთო კონგრესზე (European Newspaper Congress) გაემგზავრებიან.
CSRDG პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, აქტიურად მუშაობს ცენტრალურ და რეგიონულ მედიასთან, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ცნების პოპულარიზაციისა და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის დამკვიდრების მიზნით. 2018 წლის მედია კონკურსის ფარგლებში 28 მონაწილეს შორის 5 გამარჯვებული დაჯილდოვდა. კონკურსს წინ უძღვოდა წარმატებით გამართული ტრენინგები ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისათვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს - www.csrdg.ge
პროექტის შესახებ ინფორმაცია: „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (2017-2020) მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.
ინფორმაცია განმახორციელები ორგანიზაციის შესახებ: “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” (CSRDG) არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1995 წელს. CSRDG არის პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელმაც მოამზადა და გამოსცა: მდგრადი განვითარების ანგარიში „ანგარიშგების გლობალური ინიციატივის“ (GRI) საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით; პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო CSR-ზე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის; ვრცელი ანალიტიკური კვლევა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და საჯარო სექტორის როლი“ (ანალიტიკური მიმოხილვა და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას).
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2134