ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
02/08/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
გორის N9-ე საჯარო სკოლა პროექტში მოვუაროთ სკოლას გამარჯვებულია
2 აგვისტოს, ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლაში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ ორგანიზებული კონკურსის #მოვუაროთსკოლას ფარგლებში, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ პირველ ადგილზე გასული სკოლა დააჯილდოვა. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტში სამი გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა: სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლა, ქუთაისის N17 საჯარო სკოლა და გორის N9 საჯარო სკოლა. კონკურსი სასწავლო წლის დასაწყისში დაიწყო და მასში ფონდის მიერ რეაბილიტირებულ საჯარო სკოლებს შეეძლო მონაწილეობის მიღება. შედეგად, გამოვლინდა სამი გამარჯვებული სკოლა, რომლის ადმინისტრაციამაც მოვლის გრძელვადიანი და თანმიმდევრული გეგმა შეიმუშავა და დანერგა.
„დღეს გორის N9 საჯარო სკოლას ვეწვიეთ და სპეციალური პრიზი, სასკოლო აღჭურვილობა გადავეცით. სკოლამ პროექტში #მოვუაროთსკოლას პირველი ადგილი დაიკავა და ერთ-ერთი საინტერესო მოვლა-პატრონობის კონცეფცია წარადგინა. გვჯერა ის ინვესტიცია რაც ამ და კიდევ სხვა 90 სკოლაში განახორციელა ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, კიდევ უფრო გაძლიერდება თავად სკოლების მხრიდანაც,“- განაცხადა ფონდის დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.
ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლა, რომლის სრული რეაბილიტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის დაფინანსებით განხორციელდა და ერთ-ერთი წარმატებული სკოლაა შიდა ქართლში. #მოვუაროთსკოლას კონკურსის ფარგლებში N9 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი და დანერგილი მოვლა-პატრონობის მოდელი ერთ-ერთი გამორჩეულია და სრულად პასუხობს ფონდის მიერ შემუშავებული მოვლა-პატრონობის რეკომენდაციებს. შესაბამისად, იგი კონკურსის გამარჯვებულად დასახელდა.
ინოვაციური კამპანია #მოვუაროთსკოლას მეორე წელია რაც იმართება და მისი მიზანია, საჯარო სკოლების მიერ შემუშავებული მოვლა-პატრონობის პოლიტიკის წახალისება. პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეების, მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის და ადგილობრივი თემის ცნობიერების ამაღლებას და სკოლის მოვლის საკითხში პასუხისმგებლობის გაზიარებას.
#მოვუაროთსკოლას ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინიციატივით და ემსახურება მსოფლიოში აპრობირებული მიდგომის, მოსწავლეების, პერსონალისა და თემის მიერ საკუთარ სკოლაზე ზრუნვის, დანერგვას საქართველოში. კამპანიის მიზანია სკოლაზე ზრუნვის, მისი დასუფთავების, მოწესრიგების და მოვლის პასუხისმგელობის გაზიარება და ამ მიმართულებით, საქართველოში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გავრცობა-პოპულარიზაცია.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის შესახებ: 2013 წელს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტს (კომპაქტს), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. კომპაქტი ძალაში შევიდა 2014 წლის 1 ივლისს და ხორციელდება ხუთი წლის განმავლობაში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2418