ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
27/03/2024
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა ახალი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

2024 წლის 26 მარტს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა (TPDC) და დონორ ორგანიზაციებს - საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობას (UNHCR), World Vision საქართველოს ფონდსა და გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდს შორის. მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყოს თავშესაფრის მაძიებელ და ლტოლვილ სკოლის მოსწავლეებს, საჯარო სკოლებში ქართული ენის შესასწავლად მიიღონ დახმარება. მემორანდუმს ხელი მოაწერეს UNHCR-ის წარმომადგენელმა საქართველოში - ქალბატონმა კემლინ ფურლიმ, TPDC-ის დირექტორმა - ბ-ნმა ბერიკა შუკაკიძემ, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა - ბ-ნმა ზურაბ კერვალიშვილმა და World Vision საქართველოს ფონდის დირექტორმა ქალბატონმა ეკატერინე გურგენაძემ.

პროექტი "საქართველოში მცხოვრები ლტოლვილი მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა" სპეციალურად შემუშავდა საქართველოში მცხოვრები ლტოლვილი და თავშესაფრის მაძიებელი ბავშვებისთვის და ის შეესაბამება: (i) საქართველოს მთავრობის მიერ ლტოლვილთა გლობალურ ფორუმზე აღებულ ვალდებულებას, რომ „გააძლიეროს საგანმანათლებლო სერვისებზე ხელმისაწვდომობა ლტოლვილი და  ჰუმანიტარული სტატუსის მქონეთათვის", (ii) 2022-2032 წლების საქართველოს განათლების სტრატეგიას, რომლის ძირითადი ფოკუსია თანასწორობა, ინკლუზია და მრავალფეროვნება, და (iii) მდგრადი განვითარების მე-4 მიზანს, რომელიც ხაზს უსვამს ყველა მოსწავლისთვის ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფის ვალდებულებას.


პროექტი გავლენას იქონიებს ლტოლვილი სკოლის მოსწავლეებში ქართული ენის ცოდნის გაუმჯობესების საჭიროებაზე. ამისათვის TPDC ჩაატარებს ქართული ენის 2 ინტენსიურ ონლაინ გაკვეთილებს და შეიმუშავებს ყოვლისმომცველ სასწავლო მასალებს, რაც აუცილებელია სკოლებში ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლებისთვის. ეს საშუალებას მისცემს ლტოლვილ ბავშვებს, გაიუმჯობესონ თავიანთი ენობრივი უნარები როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ რეჟიმში. აღნიშნული ინიციატივის მდგრადობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განაგრძობს პროექტის ფარგლებში შექმნილი მეთოდოლოგიისა და სასწავლო მასალის გამოყენებას საჯარო სკოლებში ლტოლვილი/უცხოელი ბავშვების სწავლების გასაუმჯობესებლად.


ინიციატივა ასევე შეესაბამება UNHCR-ის 2030 წლის ლტოლვილთა განათლების სტრატეგიას, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებული და მოქალაქეობის არმქონე ბავშვების თანასწორ და მდგრად ჩართვას ეროვნულ საგანმანათლებლო სისტემებში. ამიტომ, UNHCR ეხმარება მასპინძელ მთავრობებს ბევრ ქვეყანაში, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები ლტოლვილთა დაცვის კუთხით და შექმნან პირობები იძულებით გადაადგილებული და მოქალაქეობის არმქონე პირების აღნიშნულ სისტემებში ჩასართავად. ენა არის ფუნდამენტური განათლების ხარისხისა და ლტოლვილთა ინტეგრაციის წარმატებისთვის. UNHCR იმედოვნებს, რომ პროექტი "საქართველოში მცხოვრები ლტოლვილი მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა" საფუძველს ჩაუყრის და ბიძგს მისცემს ამ მიმართულებას. ამჟამად საქართველოს 124 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, დაწყებითი, საბაზისო და საშუალო საფეხურზე 624 ლტოლვილი და თავშესაფრის მაძიებელი მოსწავლე ირიცხება. საქართველო ამჟამად დაახლოებით 2500 ადამიანს სთავაზობს საერთაშორისო დაცვას, რომლებიც გაურბიან დევნასა და ომს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ერაყი, ირანი, სირია და ასევე უკრაინა.


საქართველოს მთავრობასთან ერთად, UNHCR, Gudavadze - Patarkatsishvili Foundation და World Vision მზად არიან, ხელი შეუწყონ ლტოლვილი ბავშვების საქართველოში ინტეგრაციას, და აცნობიერებენ, რომ მათი ინტეგრაცია დიდწილად დამოკიდებულია განათლების ხელმისაწვდომობასა და ენის შესწავლის შესაძლებლობებზე.


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 263