ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
14/07/2020
დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების 15-მდე ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკის თაობაზე კვლევის პრეზენტაცია გაიმართა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, „დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმების სფეროში საუკეთესო ევროპული პრაქტიკის თაობაზე“ კვლევა მომზადდა.
კვლევის პრეზენტაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვაჰაგ მურადიანმა გახსნეს.

კვლევის მიზანი იყო დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმების სფეროში საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შედარებითი ანალიზის ჩატარება და საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, მომავალი ინსტიტუციური გაძლიერებისა და განვითარებისთვის ღირებული ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიწოდება.
კვლევის ავტორი, ადამიანის უფლებათა ექსპერტი - გიორგი ჩხეიძე ნაშრომში, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობს, როგორებიცაა: დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმების მანდატი, იურისდიქცია, ინსტიტუციური მოწყობის საკითხები, შეტყობინებების მიღების მექანიზმები, მტკიცებულებების მოპოვებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული წესები. დოკუმენტი აერთიანებს როგორც ევროპული ქვეყნების მაგალითებს, კერძოდ: გაერთიანებული სამეფო, ირლანდია, ნორვეგია, ავსტრია, ბელგია, დანია, შვედეთი, ასევე, მასში გაანალიზებულია კანადის, ისრაელის, გვატემალასა და იამაიკის გამოცდილება.
აღსანიშნავია, რომ კომპლექსური ინსტიტუციური განვითარების გზაზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო სტანდარტების, ასევე, იმ საუკეთესო პრაქტიკის, მიღწევების, გამოწვევების გათვალისწინება და გამოყენება, რომელთა წინაშე მსგავსი ინსტიტუტები დგანან.
პრეზენტაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიება ევროპის საბჭოს პროექტის „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა (JADES)“ მხარდაჭერით განხორციელდა.
ორგანიზაციის შესახებ
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
ვაჩნაძის ქ. 7, 0105, თბილისი, საქართველო
ტელ.: (995 32) 2421000
www.personaldata.ge
www.stateinspector.ge
წაკითხულია: 1717