ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
თამარ ქალდანმა საქართველოს პარლამენტში 2015 წლის ანგარიში წარადგინა
25/03/2016

პრესრელიზი 

25 მარტი, 2016
დაუყოვნებლივ გავრცელებისთვის
თამარ ქალდანმა საქართველოს პარლამენტში 2015 წლის ანგარიში წარადგინა

ხუთშაბათს, 24 მარტს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებს საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობის და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2015 წლის ანგარიში წარუდგინა. 

ანგარიშში ასახულია 2015 წლის განმავლობაში მოქალაქეთა განცხადებების განხილვის, ჩატარებული ინსპექტირებებისა და გაწეული კონსულტაციის შედეგები და პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით საჯარო და კერძო სექტორში არსებულ მდგომარეობა. 

2015 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ინსპექტორისადმი მოქალაქეთა მიმართვიანობის, ისე ჩატარებული ინსპექტირებების და კონსულტაციების დინამიკა: განცხადებების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით 6-ჯერ არის გაზრდილი, 2015 წელს ინსპექტორს განცხადებით მიმართა 120-მა, ხოლო კონსულტაციისთვის - 413 მოქალაქემ. განცხადებების შეეხებოდა პირდაპირ მარკეტინგს, მონაცემთა კანონიერი საფუძვლის გარეშე ან პრინციპების დარღვევით დამუშავებას, სამართალდამცავი ორგანოების მიერ მონაცემების დამუშავების კანონიერებას, მონაცემთა გასაჯაროებას და მოქალაქისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობას, მონაცემთა ბაზებზე წვდომის კანონიერებასა და ვიდეო-აუდიო თვალთვალს. 

2015 წელს 412 კონსულტაცია გაეწია საჯარო ორგანიზაციასა და 389 - კერძო ორგანიზაციას, ჩატარდა 54 შემოწმება, მათ შორის 16 საჯარო და 38 კერძო ორგანიზაციის. შემოწმებების შედეგად გამოვლინდა 64 სამართალდარღვევის ფაქტი, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის ან გაფრთხილების სახით დაეკისრა 41 ორგანიზაციას. ჩატარებული ინსპექტირებების შედეგად აღმოიფხვრა არაერთი სამართლებრივი თუ ტექნიკური ხარვეზი.

2015 წლის 31 მარტიდან ამოქმედდა სატელეფონო საუბრების ფარულ მიყურადება­ჩაწერის კონტროლის ორეტაპიანი ელექტრონული სისტემა და კომპიუტერულ მონაცემებთან დაკავშირებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობის სისტემა. 

2015 წელს კვლავ პრიორიტეტული მიმართულება იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე. აპარატი რეგულარულად ატარებდა ტრენინგებს საჯარო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, 2015 წელს გაიზარდა ტრენინგების ხელმისაწვდომობა, მათ შორის, რეგიონებშიც. დაინერგა ახალი ტრენინგ-მოდული და ონლაინ რეგისტრაციის ფორმა მცირე და საშუალო ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და დაინტერესებული პირებისათვის. 
„დღევანდელ განხილვაზე ჩვენ ვისაუბრეთ როგორც არსებულ პროგრესზე, ასევე იმ გამოწვევებზე რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით კვლავ რჩება, განცხადებების განხილვისა და ინსპექტირებების პარალელურად, ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობდით ორგანიზაციებთან საკონსულტაციო რეჟიმში, რათა მონაცემთა დამუშავების პროცესები სრულ შესაბამისობაში მოვიდეს არსებულ კანონმდებლობასთან" - განაცხადა ინსპექტორმა თამარ ქალდანმა. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი საქართველოს პარლამენტს ანგარიშს ყოველწლიურად წარუდგენს, ანგარიშის განხილვა ასევე მოხდება საპარლამენტო სესიაზე, ინსპექტორის 2015 წლის ანგარიში ხელმისაწვდომია აპარატის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.personaldata.ge 

 

წაკითხულია: 4889