ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
29/11/2023
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება და მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობა

გორში, „საზოგადოება ბილიკის" ორგანიზებით შიდა ქართლის რეგიონის ბიზნესის, სოციალური საწარმოების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების და მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების საკითხებზე იმსჯელეს.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული პრეზენტაციების, პანელური დისკუსიების, კერძო ბიზნესის წარმომადგენლების მიერ წარმატებული მაგალითების განხილვამ, სოციალური საწარმოების მუშაობის და სლოვაკური გამოცდილების გაზიარებამ, ცხადყო რაოდენ მნიშვნელოვანი და დროულია არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობა რეგიონში სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებისათვის, მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობის და რეგიონის ეკოსისტემის გამყარების მიზნით.



დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს რა გამოწვევებს ხედავს ბიზნესი შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით და როგორია დასაქმების ადგილობრივი ბაზარი მოწყვლადი ჯგუფებისთვის.



ნინო გიორგაძემ, კერძო ბიზნესისა და სოციალური საწარმოს ხელმძღვანელმა, რომელიც ასევე შეხვედრის პანელურ დისკუსიას უძღვებოდა, მონაწილეებს საკუთარი ბიზნესის ისტორია, სოციალური მეწარმეობის გამოცდილება და სლოვაკეთში სასწავლო ვიზიტის დროს მიღებული ინფორმაცია გაუზიარა.
საინტერესოდ წარიმართა ახალგაზრდა სტარტაპერების და სოციალური საწარმოების წარმომადგენლების გამოცდილების გაზიარება. საკუთარ საქმიანობაზე ისაუბრეს: სოსო მეზვრიშვილმა, სოციალური კაფე ,,სფეისი", ჯონდო ცერცვაძემ, სტარტაპერი „მწნილების მეფე", ნინო ჩალაურმა, „ჩიკორი" ჩირის საწარმო, ბადრი ციქუბაძემ, საწარმო ,,ენლილი" და სოფიო ტუაევმა, სოციალური მეწარმე.



შეხვედრის ამ ნაწილს ელენე ჩხეიძე, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ექსპერტი უძღვებოდა.
დისკუსიებში ასევე მონაწილეობდნენ: თაკო როდონაია, კორპორაციული კომუნიკაციების სპეციალისტი, მარიამ დევრისაშვილი, სოციალურ საწარმოთა ალიანსის წარმომადგენელი, ნინო სუხიტაშვილი, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელი, კომპანია ,,ჰაიდელბერგ ცემენტის" გარემოს დაცვის სპეციალისტი, მარიამ გოგავა, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კომლი" და ნინო ლიპარტელიანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით მუნიციპალიტეტში არსებული პროგრამის შესახებ ისაუბრა.



დასასრულს მონაწილეებმა რეგიონში მოქმედ ბიზნესსა და სოციალურ მეწარმეებთან ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის გაღრმავებას და სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.



"ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აუცილებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში შეიქმნას და დაინერგოს ისეთი მდგომები, რომელიც საშუალებას მისცემს სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებს შეძლონ სათანადო ცოდნის მიღება, უნარების განვითარება და დასაქმება. ამ კუთხით ბიზნესის ჩართულობა და თანამონაწილეობა კი გადამწყვეტია. მნიშვნელოვანია, კომპანიებმა ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნა მათი ბიზნესის განვითარების აუცილებელ პირობად დაინახონ, რადგან არაერთი კვლევა ცხადად გვაჩვენებს, რომ მრავალფეროვანი, სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ადამიანების დასაქმება ხელს უწყობს კორპორაციული კულტურის განვითარებას, ჰარმონიული სამუშაო გარემოს შექმნას და არაერთი ინოვაციური მიდგომის დანერგვას "- აღნიშნა თაკო როდონაიამ, კორპორაციული კომუნიკაციების სპეციალისტმა.



„საზოგადოება ბილიკი" გეგმავს მსგავსი შეხვედრების ჩატარებას მარნეულში და ზუგდიდში.
შეხვედრა შიდა ქართლის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართა პროექტების „შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოს შრომის ბაზარზე" და „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის" ფარგლებში.



პროექტებს ახორციელებს „საზოგადოება ბილიკი" Slovak Aid-ისა და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 717