ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
21/08/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
მერვე კლასელების მიერ შექმნილი გამოგონება "სასწავლო მულტიმეტრი"
„სასწავლო მულტიმეტრი“ - ამ სახელწოდების ხელსაწყო კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა შექმნეს. პროექტი ათასწლეულის ინოვაციის 2017-2018 წლის კონკურსის რვა ფინალისტს შორის მოხვდა.
ხუთკაციანმა გუნდმა ხელსაწყოს პროექტი შეიმუშავა და შემდეგ დაამზადა. „სასწავლო მულტიმეტრში“ სხვადასხვა გამზომი საშუალებაა გაერთიანებული, რომლებიც უფრო მაღალი სიზუსტით იზომება. ყველა სხვა ფუნქციასთან ერთად, მერვეკლასელების მიერ შექმნილ ხელსაწყოს გაზომილი მონაცემების შენახვისა და შემდეგ, გრაფიკის წარმოდგენის საშუალებაც აქვს. ეს კი მოსწავლეებს სასწავლო პროცესს ბევრად უფრო გაუმარტივებს.
ხელსაწყო სასწავლო პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებს და მას ბევრად უფრო საინტერესოს გახდის მოსწავლეებისთვის. გამომგონებელ მეგობრებს პროექტის შექმნის იდეაც სწორედ აქედან გაუჩნდათ. ამბობენ, რომ პროექტის მთავარი მიზანი იყო ის, რომ მათ მიერ დამზადებული ხელსაწყო მოსახერხებელი ყოფილიყო სასწავლო პროცესში. „სასწავლო მულტიმეტრი“ მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი, ამიტომ ის, სხვა მულტიმეტრებისგან განსხვავებით, მარტივად მოხმარებადი და რა თქმა უნდა უფრო მარტივად გასაგებია.

გამომგონებელი მოსწავლეების მიერ შექმნილი „სასწავლო მულტიმეტრი“ ჯერ მხოლოდ რამდენიმე ერთეულია დამზადებული. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მერვეკლასელ მოსწავლეებს, რომლებმაც ინოვაციური ხელსაწყო შექმნეს, დიდი გეგმები აქვთ. მათ სურთ, რომ სექტემბრამდე მინიმუმ 10 ცალი „სასწავლო მულტიმეტრი“ მაინც დაამზადონ. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე საკითხი აქვთ დასახვეწი, რის შემდეგაც უკვე ხელსაწყოს უშუალოდ სასწავლო პროცესში ჩართავენ.


ათასწლეულის გამოწვევის ფონდი „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს“ უკვე მეხუთე წელია აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. საქართველოს მასშტაბით მასში 300-მდე გუნდსა და 1000-მდე მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული. კონკურსი ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას ემსახურება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რაც მათ მოტივაციას გაზრდის აღნიშნულ დისციპლინებში და საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ახალ მიღწევებს შეუწყობს ხელს. პროექტის ერთ-ერთი მიზანია ასევე კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან, რაც მათ დაეხმარება სამომავლოდ პარტნიორობის დამყარებაში, აგრეთვე გამოცდილებისა და ცოდნის მიღებაში.
ორგანიზაციის შესახებ
„ათასწლეულის გამოწვევების ფონდმა“ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის წლევანდელი გამარჯვებულები 15 აპრილს გამოავლინა. პირველი ადგილზე გიმნაზია AIA GESS-ის პროექტი "რობოტი ლაბორანტი" გავიდა. გამარჯვებულმა მოსწავლეებმა NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა.
წაკითხულია: 3791