ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
02/06/2022
ნინო თანდილაშვილი სტოკჰოლმში გამართულ მაღალი დონის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

„მას შემდეგ, რაც საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე, საერთაშორისო კონვენციებისა და მოთხოვნების პრაქტიკაში დანერგვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რომ ქვეყანამ წარმატებით შეასრულოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ვალდებულებები", - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის მარეგულირებელი ბაზელის, როტერდამის და სტოკჰოლმის კონვენციების მხარეთა კონფერენციაზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი შვედეთის სამეფოს დედაქალაქ სტოკჰოლმში მაღალი დონის კონფერენციას და კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს ესწრება. ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის მარეგულირებელი ბაზელის, როტერდამის და სტოკჰოლმის კონვენციების მხარეთა კონფერენციას მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი ესწრება, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კლიმატის ცვლილების საკითხებში ჯონ კერი.

კონფერენცია საშუალებას აძლევს მაღალი დონის მონაწილეებს ინტერაქციული პლატფორმა გამოიყენონ და კონვენციების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილებისა და სამომავლო ხედვების გაცვლა მოახდინონ. კონფერენცია ასევე მიზნად ისახავს ნარჩენების მართვის საკითხებისა და ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემცირების საკითხების მაღალ პოლიტიკურ კონტექსტში განხილვას, პოლიტიკური ცნობიერების ამაღლებასა და კონვენციების განხორციელების ხელშეწყობას.
კონფერენციის ფარგლებში, ნინო თანდილაშვილმა მონაწილეობა მიიღო გამართულ დისკუსიებში. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მაღალგანვითარებული ქვეყნების პირველმა პირებმა გაახმოვანეს, რომ აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევით გაგრძელდეს აქტიური მუშაობა ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შესამცირებლად, გაიზარდოს საერთაშორისო დაფინანსება და მხარდაჭერა ამ მიმართულებით.
ნინო თანდილაშვილმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს კონვენციების მოთხოვნების შესრულების მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრის მოადგილემ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვის პროცესზე ისაუბრა, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, ეტაპობრივად დანერგოს ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემა, ხელი შეუწყოს ნარჩენების გადამუშავებას და შეამციროს ნარჩენებით გარემოს დაბინძურება. ნინო თანდილაშვილმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო მხარდაჭერის აუცილებლობას ნარჩენების მართვის სექტორში.


 


 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი
www.mepa.gov.ge
info@mepa.gov.ge
+995 32 2378009

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 768