ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
11/07/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
პატარძეულელმა გამომგონებლებმა ინოვაციური პროექტი შექმნეს
სოფელ პატარძეულის გამომგონებელმა მოსწავლეებმა ინოვაციური პროექტი წარადგინეს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსზე და საუკეთესო გუნდებს შორისაც დასახელდნენ.
იმის გამო, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში საკვებმა დანამატებმა ადამიანების ჯანმრთელობა მკვეთრად დააზარალა, სოფელ პატარძეულის ქართულ-ფრანგული სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, შეემუშავებინათ ისეთი ტექნოლოგია, რომელიც არსებულ მდგომარეობას გააუმჯობესებდა. „ყურძნის უწამლი ჯიშებიდან მიღებული ბიოლოგიურად აქტიური კვებითი დანამატის მიღების ტექნოლოგია” - ასე ჰქვია პროექტს, რომლის ავტორებიც მარიამ უსტიაშვილი, ნინო ოთარაშვილი, ნოდარ ბროლაშვილი და გვანცა აბესაძე არიან. ინოვაციური პროექტით მათ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი - Millennium Innovations Award-ში მიიღეს მონაწილეობა და ფინალისტთა შორის მოხვდნენ.
მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა კვებითი დანამატების მიღების ინოვაციური ტექნოლოგია შექმნეს. მათ შეუწამლავი ყურძნის ჯიშებიდან და ჩაის ტოტების ანასხლავიდან ბიოლოგიურად აქტიური კვებითი დანამატი - ბადის მომზადების ტექნოლოგია შეიმუშავეს. მეგობრებმა შავი და წითელი ყურძნის ბადაგის, წითელი წიპწისა და ჩაის ბუჩქის ანასხლავის ექსტრაქტები გამოიყენეს. ეს დანამატი მხოლოდ ბუნებრივი ნივთიერებებისგან შედგება და არ შეიცავს ყურძნის შეწამვლისას გამოყენებული შხამქიმიკატების ნარჩენებს. ეს ყველაფერი კი ყურძნის წვენსა და წიპწაში რეზერვატროლის დიდი დოზით შენარჩუნებას უწყობს ხელს.
მოსწავლეების მიერ მიღებული ინოვაციური საკვები დანამატი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მაღალი შემცველობის გამო, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას, ამაღლებს ჰემოგლობინს, ამცირებს ანთებით პროცესს და სიმსივნეების განვითარების რისკებს, არებულირებს ქოლესტერინისა და შაქრის დონეს და ასევე, ზრდის ტონუსს ქიმიოთერაპიის შემდეგ.

მარიამი, ნინო, ნოდარი და გვანცა სამომავლოდ, იდეისა და პროექტის დაპატენტებას „საქპატენტში“ აპირებენ. როგორც ამბობენ, სექტემბრიდან, ახალი შემართებითა და ძალებით კვლავ შეუდგებიან სხვა, კიდევ უფრო ინოვაციურ პროექტებზე მუშაობას.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს 2014 წლიდან აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს და მასში საქართველოს მასშტაბით სულ 300-მდე გუნდსა და 1000-მდე მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული. კონკურსი ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას ემსახურება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რაც გაზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ახალ მიღწევებს. პროექტის ერთ-ერთი მიზანია გამარჯვებული მოსწავლეების დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან, რაც მათ დაეხმარება სამომავლოდ პარტნიორობის დამყარებაში, გამოცდილებისა და ცოდნის მიღებაში.
ორგანიზაციის შესახებ


➡ათასწლეულის გამოწვევების ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის წლევანდელი გამარჯვებულები 15 აპრილს გამოავლინა. პირველი ადგილზე გიმნაზია AIA GESS-ის პროექტი "რობოტი ლაბორანტი" გავიდა. შეგახსენებთ, რომ გამარჯვებულმა მოსწავლეებმა 25-29 ივნისს, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა.
წაკითხულია: 1976