ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
04/10/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
პირველი პაციენტი, რომელსაც კრიოაბლაცია საქართველოში ჩაუტარდა
76 წლის ნელი ნებიერიძე პირველია მათ შორის, ვისაც საქართველოში და ზოგადად, ამიერ-კავკასიაში კრიოაბლაციის პირველი პროცედურა ჩაუტარდა. ახლა ის ცხოვრებას ჯანმრთელი გულით განაგრძობს.
გულის პრობლემები 69 წლის ასაკში დაეწყო და როგორც თვითონ ამბობს, დროთა განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. ყოფილ პედაგოგს მოციმციმე არითმია აწუხებდა და სამკურნალოდ ხშირად საავადმყოფოში დაწოლაც უწევდა. 2016 წლის დეკემბერში კი ნელი ნებიერიძემ კრიოაბლაციის პროცედურის შესახებ არითმოლოგ, ექიმ ზვიად მათოშვილისგან შეიტყო და როგორც თვითონ ამბობს, ოპერაციის გაკეთებას მაშინვე დათანხმდა.
„თავს ძალიან სუსტად ვგრძნობდი. მქონდა საშინელი დისკომფორტი და ეს თითქმის 10 წელი გრძელდებოდა. სიტყვებით იმ მდგომარეობისა და შეგრძნების გადმოცემა მიჭირს, რასაც მოციმციმე არითმიის დროს განვიცდიდი. როგორც კი გავიგე კრიოაბლაციის შესახებ, ბატონ ზვიადს მაშინვე დავთანხმდი.“ - აცხადებს ნელი ნებიერიძე.
კრიოაბლაციის პროცედურა ზოგადი ანესთეზიის გარეშე ტარდება. ქალბატონი ნელის ოპერაცია დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა და ის მეორე დღესვე სახლში გაწერეს. ამბობს, რომ რეაბილიტაციის პროცესი უმარტივესი იყო, ამ დროის მანძილზე არანაირ დისკომფორტს არ განიცდიდა და პროცედურის შემდეგ ის თავიდან დაიბადა.

ანალოგიურ პრობლემების მქონე პაციენტებს ურჩევს, რომ დაუფიქრებლად ჩაიტარონ კრიოაბლაციის პროცედურა. „პენსიონერებისთვის ამ ძვირადღირებულ ოპერაციას სახელმწიფო დაზღვევა აფინანსებს. იმდენად შემაწუხებელი და დამთრგუნველი დაავადებაა, კარგი იქნება თუ გაიკეთებენ ოპერაციას. თან ინსულტის განვითარებისთვის მოციმციმე არითმია ძალიან საშიშია“ - ამბობს ნელი ნებიერიძე.
ოპერაციიდან ორი წლის შემდეგ, ჯანმრთელი გულითა და საბოლოოდ განკურნებული ყოფილი პედაგოგი სოციალურ ცხოვრებასაც აქტიურად დაუბრუნდა. თუ აქამდე მისთვის სახლის საქმეების კეთება, ქუჩაში სეირნობა და უბრალოდ გარეთ გასვლაც კი საშინელ შეგრძნებებთან ასოცირდებოდა, ახლა ის ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 10579