ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პროექტის „მამხილებელთა დაცვის ინსტიტუტის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში მრგვალი მაგიდა გაიმართა
06/04/2015
პრესრელზი

პროექტის „მამხილებელთა დაცვის ინსტიტუტის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში მრგვალი მაგიდა გაიმართა

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ 100-ზე მეტი საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები. მონაწილეები გაეცნენ პროექტის შედეგებს, განიხილეს საერთაშორისო გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა, ღონისძიების ფარგლებში აგრეთვე გაიმართა საინფორმაციო მასალების და რგოლის პრეზენტაცია.

პროექტის მიზანია ეფექტური ანტიკორუფციული მექანიზმის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში მამხილებელთა (Whistleblower) დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საჯარო მოსამსახურეთა გადამზადების გზით.

პროექტის განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი ინსტიტუტის გაძლიერება საქართველოში, კერძოდ, მამხილებელთა ინსტიტუტის შესახებ მოხდება საჯარო მოსამსახურეებში და მთლიანად, საზოგადოებაში, ცნობიერების ამაღლება, რაც გაზრდის საჯარო სამსახურის ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობასა და საზოგადოების მხრიდან საჯარო სამსახურისადმი ნდობას.

მამხილებელთა დაცვის ნორმები 50-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს. მამხილებლის ინსტიტუტის სამართლებრივ მნიშვნელობას აღიარებს მრავალი საერთაშორისო აქტი, განსაკუთრებით, კორუფციასთან ბრძოლის მარეგულირებელი საერთაშორისო აქტები.

„დემოკრატიული საზოგადოება შესაძლებელია ჩამოყალიბდეს მხოლოდ საჯარო სამსახურის გამჭვირვალობის და ღია მმართველობის მყარ საფუძველზე. საჯარო სამსახურის გამჭვირვალობა და ღია მმართველობა კი წარმოუდგენელია მამხილებელთა დაცვის ძლიერი ინსტიტუტის გარეშე", - ამბობს გიორგი კლდიაშვილი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი.

აღნიშნული პროექტის მნიშვნელობა განპირობებულია საქართველოს ვალდებულებით მამხილებელთა ინსტიტუტის გაძლიერების თაობაზე არაერთ საერთაშორისო თუ ეროვნულ პლატფორმაზე, როგორიცაა: NATO-საქართველოს წლიური ეროვნულ პროგრამის (ANP) ფარგლებში, „ღია მმართველობის პარტნიორობა" OGP-ის ფარგლებში, ეროვნული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის ფარგლებში და სხვა. შესაბამისად, აღნიშნული ინსტიტუტის გაძლიერება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზნით.

„მხილება უზრუნველყოფს საჯარო სამსახურში სამართალდარღვევის დროულ აღმოჩენასა და შესაძლო სამართალდარღვევის პრევენციას. მამხილებელთა დაცვა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა კორუფციის, თაღლითობის, ეთიკის ნორმების დარღვევისა და სხვა სახის უკანონობის გამოაშკარავების პროცესში, - ამბობს ეკატერინე ქარდავა, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი.- აუცილებელია, რომ მამხილებელთა დაცვის საკანონმდებლო რეგულაციების იმპლემენტაცია მხარდაჭერილი იყოს მსგავსი სახის ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობებით". 

პროექტი ხორციელდება სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაიმართა:

ხუთდღიანი ტრენერთა ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი ტრენერების კვალიფიკაციის ამაღლებას მამხილებელთა დაცვის საკითხებზე. ადგილობრივი ტრენერების ჯგუფი დაკომპლექტდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი მაღალკვალიფიციური, გამოცდილი ტრენერებისგან, რომლებმაც შეიძინეს სათანადო კომპეტენცია და ცოდნა საჯარო მოსამსახურეების დასატრენინგებლად მამხილებელთა დაცვის საკითხებზე;

ცნობიერების ამაღლების კამპანია, რომლის ფარგლებში 19 სამინისტროში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები და დარიგდა ბროშურები;

შემუშავდა მამხილებელთა დაცვის საკითხთან დაკავშირებით ტრენერთა სახელმძღვანელო, პრაქტიკული მაგალითებითა და სადისკუსიო კითხვებით.

წაკითხულია: 4261