ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
15/04/2021
პროფესიული განათლების 2021 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი გამოცხადდა


ათასწლეულის ფონდი პროფესიული განათლების 2021 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსს აცხადებს.


პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივითა და საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით,  წელს მეოთხედ ტარდება და ტრადიციულად, მისი მხარდამჭერი გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდია.


წელს კონკურსში ახალი კატეგორიები დაემატა და გამარჯვებულებს დამოუკიდებელი ჟიური ხუთ კატეგორიაში გამოავლენს: წლის პროფესიული  საგანმანათლებლო პროგრამა, წლის პროფესიული მომზადების / პროფესიული გადამზადების პროგრამა, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, წლის პროფესიული განათლების სტუდენტი და წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი.


ღონისძიებას დაესწრნენ ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის გენერალური დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ამილახვარი და სხვა მოწვეული სტუმრები.


„მოხარულები ვართ, რომ ჩვენს მიერ ოთხი წლის წინ დაწყებულმა ინიციატივამ, ტრადიციული სახე მიიღო. პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზება, პროფესიული განათლების იმიჯისა და რეპუტაციის ამაღლება, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებში, ასევე ზოგადად საზოგადოებაში. დარგში მომუშავე წარმატებული ორგანიზაციების და ადამიანების წარმოჩენით, ვცდილობთ პროფესიული განათლებაში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და პრაქტიკის შესახებ, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია და პროფესიული განათლების მნიშვნელობისა და პრესტიჟის აღიარებს შევუწყოთ ხელი“, - განაცხადა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.


„გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი უკვე მეოთხე წელია, რაც აფინანსებს პროფესიული განათლების ეროვნულ ჯილდოს. ვფიქრობთ, ჯილდო გაუღვივებთ ახალგაზრდებს ინტერესს, რომ დაეუფლონ მოთხოვნად პროფესიებს და დასაქმდნენ წარმატებით. კვალიფიციური კადრი მნიშვნელოვანია  ქვეყნის ეკონომიკისა და კონკურენტუნარიანობისთვის.
გვიხარია, რომ წლიდან წლამდე იზრდება არა მხოლოდ კონკურსანტების რიცხვი, არამედ იმ ორგანიზაციებისა და დონორების ჩამონათვალი, რომლებიც მხარს უჭერენ პროფესიული განათლების პოპულარიზაიცას ქვეყანაში და ამით კიდევ უფრო მეტ მდგრადობას სძენენ პროექტს. ვიმედოვნებთ, რომ პროფესიულ განათლების განვითარებისთვის, ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ამაღლებისათვის სამინისტრო კიდევ უფრო გააძლიერებს აქცენტს და ჩვენ, კერძო ფონდები, კომპანიები და სხვა დონორები აქტიურად დავუდგებით გვერდში“, - განაცხადა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალისშვილმა.


პროფესიული განათლების 2021 წლის ეროვნული ჯილდოსთვის საკონკურსო განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. სააპლიკაციო ფორმის შევსება შესაძლებელია ფონდის ვებ-გვერდზე www.millennium.org.ge. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 28 მაისი. გამარჯვებულთა ვინაობა პროფესიული განათლების ყოველწლიურ გალა დაჯილდოებაზე გახდება ცნობილი. 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1542