ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
05/12/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
რა ზიანი შეიძლება მიადგეს კერძო ბიზნესს აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად
იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადის გაზრდამ 2019 წლის განმავლობაში მისი რამდენიმე ეტაპად გაძვირება გამოიწვია. თავი იჩინა იმ უარყოფითმა შედეგებმა, რაც აქციზის გადასახადების უეცარ და მკვეთრ ზრდას ახასიათებს: გაიზარდა ინფლაცია და კონტრაბანდის მასშტაბმა მნიშვნელოვნად მოიმატა. ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტმა, ოფიციალური მონაცემებით, 8 თვეში 175 მილიონი ლარი დაკარგა. სიგარეტის გაძვირებამ გაზარდა ინფლაცია, რაც მძიმედ დააწვა სოციალურად დაბალ ფენას. მოლოდინი, რომ სიგარეტის გაძვირება მოხმარებას შეამცირებდა, არ გამართლდა, რადგან მწეველებმა გაძვირებული სიგარეტი ე.წ. შესახვევი თუთუნით ჩაანაცვლეს, რამაც მათ ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. როგორც ჰამბურგის ლაბორატორიის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, საქართველოში შემოტანილი თუთუნი შეიცავს პესტიციდებს, გენმოდიფიცირებულ თამბაქოს, მძიმე მეტალების - ტყვიისა და კადმიუმის გაზრდილ რაოდენობას.
საკონსულტაციო კომპანია ACT Impact-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სიგარეტის არალეგალურმა იმპორტმა აზერბაიჯანიდან - წლიურად საშუალოდ 10%-ით, ხოლო თურქეთიდან 34%-ით მოიმატა. სიგარეტის კონტრაბანდაზე აღძრული საქმეების რაოდენობა 2019 წლის პირველ ორ კვარტალში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 211% -ით არის გაზრდილი. ამ მონაცემებს ადასტურებენ სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებიც.
ე.წ. შესახვევი თამბაქოს იმპორტის აქციზით დაბეგვრა ჯერ ახალი გადაწყვეტილებაა, ამიტომ მის შედეგებზე მოგვიანებით ვიმსჯელებთ, თუმცა, ერთი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სახის თამბაქოსა და ფილტრიანი სიგარეტის ფასთა შორის სხვაობა კვლავაც დიდია და შესაბამისად, მისი მოხმარება კვლავაც გაგრძელდება. პარალელურად, ისევ აქტუალური რჩება კონტრაბანდის პრობლემაც.
თამბაქოს ინდუსტრია მიიჩნევს, რომ ფილტრიან სიგარეტზე აქციზის სწრაფი ზრდა, რასაც მთავრობა ახორციელებს, დააზარალებს ბიზნესს და ბიუჯეტს შემოსავლებს დააკარგვინებს. ბიზნესი მთავრობას მიმართავს, სიგარეტზე აქციზი ეტაპობრივად გაიზარდოს და განაკვეთმა ათას ღერ სიგარეტზე 90 ევროს 2029 წლისთვის მიაღწიოს. მათი თხოვნაა, ეტაპობრივად გაიზარდოს მხოლოდ ფიქსირებული გადასახადი, ადვალური კი პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდეს და 30-დან 10%-მდე შემცირდეს. ამავე დროს, კერძო კომპანიების ერთობლივი თხოვნაა, წინასწარ იყვნენ ინფორმირებულები აქციზის ზრდის სამთავრობო გეგმის შესახებ, რაც ევროკავშირში აპრობილრებული პრაქტიკაა და ასევე უზუნველყოფს საბიუჯეტო შემოსავლების სტაბილურობას და ბიზნეს სექტორის განვითარებას.
ორგანიზაციის შესახებ
სპეციალისტები, მათ შორის ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები უნდა შესრულდეს, მაგრამ ეს ცვლილებები კარგად დაგეგმილი და დროში გაწერილი უნდა იყოს. ცვლილებები უნდა მოხდეს კერძო სექტორის ჩართულობით, ბიზნესს ზიანი რომ არ მიადგეს. როგორც კერძო ბიზნესი აცხადებს, ვარაუდი, რომ ამ შემთხვევაში იმპორტიორები აქციზურ მარკებს დიდი რაოდენობით და იაფად წინასწარ ერთბაშად იყიდიან, უსაფუძვლოა. რადგან მარაგის შექმნა დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს, რაც მათთვის კომერციულად მიზანშეწონილი არ არის. თამბაქოს ბიზნესი მიიჩნევს, რომ იმ პირებს, ვინც ამ რისკებზე საუბრობენ, ან არ ესმით ბიზნესის სპეციფიკა ან განზრახ ცდილობენ საზოგადოების მოტყუებას.
წაკითხულია: 2198