ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
13/06/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
სამტრედიელი გოგონას მულტიკულტურული სიმღერის გუნდი მარნეულში
ნანა ნინუა ახალგზარდა მუსიკოსია. ნანა ქალაქ სამტრედიიდანაა და ამჟამად მარნეულის დავით აღმაშენებლის სკოლა-ლიცეუმში მოღვაწეობს. ბოლო წლებია იგი აქტიურადაა ჩართული სახელოვნებო და პედაგოგიურ საქმიანობაში. მუსიკოსისა და პიანისტის წარმატება კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ დაიწყო. მიუხედავად ნანას განსაკუთრებული ნიჭისა და სხვადასხვა საინტერესო შეთავაზებისა, საკუთარი ნიჭი და შემოქმედება მან პატარა მოსწავლეების მუსიკალურ აღზრდას მიუძღვნა. რამოდენიმე საინტერესო მუსიკალური პროექტის შემდეგ, ახალგაზრდა პიანისტმა საქმიანობა მარნეულში გააგრძელა, სადაც არაქართულენოვან მოსწავლეებთან მუსიკის პედაგოგად დაიწყო საქმიანობა და მულტიკულტურული გუნდსაც ჩაუდგა სათავეში. ნანასთვის არაქართველ ბავშვებთან მუშაობა განსაკუთრებული გამოწვევაა. ქართულ სიმღერასთან ერთად პედაგოგი პატარებს ქართულად ამეტყველებაშიც ეხმარება და ქართულ ფოლკლორსაც ასწავლის.
„2015 წლიდან დღემდე ვმუშაობ დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმში მუსიკის პედაგოგად, სადაც მომიწია მუშაობა არაქართველ მოსაწავლეებთან. ეს იყო ერთგვარი გამოწვევა, ეროვნებით აზერბაიჯანელ, კორეელ, თურქ, ამერიკელ, ირანელ, პაკისტანელ მოსწავლეებთან მესაუბრა მუსიკის ენით, შემეყვარებინა მათთვის ქართული სიმღერა და გამეღვივებინა ინტერესი ქართული კულტურისადმი. დღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა კონკურს-ფესტივალსა თუ ოლიმპიადებში და დიდ წარმატებებსაც აღწევენ“, - ამბობს ნანა ნინუა.
სკოლის გუნდს ნანა უკვე მესამე წელია ამეცადინებს. გუნდის გამორჩეულმა ვოკალისტმა იუნიონგ სონმა 2016 -17 სასწავლო წელს დედაენის რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე საპრიზო ადგილი დაიკავა. ამავე სასწავლო წელს ნანას მოსწავლეები ჩარეთვნენ კონკურს-ფესტივალში „სხვა საქართველო სად არის“ ორ საკონკურსო ნომინაციაში: სოლო სიმღერა და გუნდები, სადაც კორეელმა მოსწავლემ იუნიონგ სონმა ნომინაციაში სოლო სიმღერა პირველ ასაკობრივ კატეგორიაში I ადგილი დაიკავა. პატარა კორეელმა მომღერალმა ჟიურის წევრების და კომპოზიტორის რუსუდან სებისკვერაძის მოწონება და სიყვარული დაიმსახურა და კონკურსის ფავორიტი გახდა. ამავე კონკურსის ნომინაციაში სოლო სიმღერა II ასაკობრივ კატეგორიაში ნანას მოსწავლე ნაზლი მამიშოვამ დაიკავა III ადგილი. სკოლის გუნდი კი ასევე ერთ-ერთი წარმატებული გუნდი გახდა და საპრიზო ადგილიც დაიკავა.
მუსიკის პედაგოგისთვის, რომელიც განსაკუთრებით დიდ დროს ატარებს გუნდთან და პატარებსაც ქართული სიმღერის სიყვარულს უნერგავს მსგავსი წარმატებები განსაკუთრებული მოტივაციაა. წელსაც ფესტივალის გახსნაზე „სხვა საქართველო სად არის“ ნანა ნინუას მოსწავლეებმა იუნიონგ სონმა და ნაზლი მამიშოვამ ქართველ მომღერლებთან: ირმა სოხაძე, თამრიკო ჭოხონელიზე და მსახიობ ლაშა რამიშვილთან ერთად შეასრულეს რევაზ ლაღიძის სიმღერა „ყური უგდე საქართველოს“. არაქართველი მოსწავლეების შესრულებულმა საკონკურსო სიმღერამ კი უმაღლესი ქულები და საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.
„ აღუწერელია ის ემოცია, რასაც მე ამ ბავშვებთან ურთიერთობა და მათი წარმატება მანიჭებს, გაცემული სიყვარული უკან ბუმერანგივით მიბრუნდება , რომელიც მაძლევს ძალას მათ გზა გავუკვალო და მოვახდინო მათი ინტეგრაცია ქართული ხელოვნების გავლით ქართულ საზოგადოებაში“, განაცხადა პედაგოგმა .
ორგანიზაციის შესახებ
პედაგოგი და მულტიკულტურილი გუნდი კი ახალი წარმატებებისა და გამოწვევებისთვის ემზადება, რომ ქართული სიმღერის უნიკალურობა სხვადასხვა ეროვნების ადამიანებსაც გააცნონ.
წაკითხულია: 3439