ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
09/12/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტები 2020 წლიდან საერთაშორისოდ აკრედიტებულ პროგრამებს განახორციელებენ
პირველად საქართველოში, 2020 წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტები სტუდენტებს შესთავაზებენ საერთაშორისოდ აკრედიტებულ პროგრამებს.

10 დეკემბერს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) გამართავენ ერთობლივ ღონისძიებას, სადაც წარადგენენ საერთაშორისოდ აკრედიტებულ პროგრამებს, რომელზეც სტუდენტების მიღება 2020-2021 სასწავლო წლიდან ცხადდება.
აშშ-სა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულება - ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი - მოიცავს $34 მლნ ბიუჯეტის უმაღლესი განათლების პროექტს. პროექტის მიზანია საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის საბაკალავრო პროგრამების დანერგვა საინჟინრო და საბუნებისმეტყველო დარგებში. შედეგად, 2014 წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში აშშ-ში აკრედიტებულ პროგრამებს ახორციელებს და თავის დიპლომს გასცემს. პარალელურად, SDSU ეხმარება საქართველოს სამ პარტნიორ უნივერსიტეტს (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებაში, რათა ამ უნივერსიტეტებმა შეძლონ იგივე პროგრამების უკვე თავად განხორციელება. პროექტის ორივე კომპონენტი დაფინანსებული ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ, ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის (გრანტის) ფარგლებში.

საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამების შეთავაზება ეტაპობრივად დაიწყება. 2020-2021 სასწავლო წლისთვის ეს პროგრამებია - ელექტრული და ელექტრონიკის ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების ABET აკრედიტებული და ქიმია/ბიოქიმიაში ACS სერტიფიცირებული პროგრამები, რომლებზე მიღებასაც თსუ 10 დეკემბრის ღონისძიებაზე დააანონსებს.
ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. გიორგი შარვაშიძე, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, SDSU დეკანი საქართველოში პროფ. ჰალილ გუვენი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტის გუნდის წევრები კალიფორნიიდან.
1ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭო (ABET) წარმოადგენს აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც აკრედიტაციას ანიჭებს საგანმანათლებლო პროგრამებს გამოყენებით, კომპიუტერულ, საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და საინჟინრო-ტექნოლოგიურ მეცნიერებებში. საბჭოს მიერ აკრედიტაცია მინიჭებული აქვს 4000-ზე მეტ პროგრამას, 800-ზე მეტ უნივერსიტეტში, მსოფლიოს 32 ქვეყანაში.

ამერიკული ქიმიური საზოგადოება (ACS) წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილეს სამეცნიერო საზოგადოებას, რომელიც ახდენს ქიმიის საბაკალავრო პროგრამების სერტიფიცირებას.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2906