ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
07/11/2019
საქართველოში პირველი მედია კონკურსი CSR-ის შესახებ განაცხადების მიღებას 30 ნოემბერს ასრულებს
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა(CSRDG), ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, 2018 წელს, საქართველოში პირველად დააფუძნა მედია კონკურსი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) შესახებ - „ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“.
კონკურსი, რომელმაც ყოველწლიური სახე მიიღო, ქართულ მედია სივრცეში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) აქტიური და სწორი გაშუქების ხელშეწყობას და ამ გზით CSR-ის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.
წლევანდელ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ჟურნალისტებს ან ბლოგერებს, 30 ნოემბრამდე შეუძლიათ წარმოადგინონ მათ მიერ მომზადებული მედია მასალა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ, შემდეგ კატეგორიებში:
1. სტატია;
2. სატელევიზიო სიუჟეტი;
3. მულტიმედია, ვიდეო მასალა;
4. რადიო;
5. ბლოგი.
წარდგენილი მასალა გამოქვეყნებული/გასული უნდა იყოს 2019 წლის 1 მაისიდან, 30 ნოემბრამდე პერიოდში საქართველოში რეგისტრირებულ მედია საშუალებაში ან ბლოგის მეშვეობით. გამარჯვებულები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. ამასთან ერთად, კონკურსის მხარდამჭერმა კომპანიამ JTI-იმ დააწესა სპეციალური პრიზი ორი გამარჯვებული ჟურნალისტისთვის, რომლებიც კომპანიის დახმარებით ევროპის საგამომცემლო კონგრესზე (European Publishing Congress) გაემგზავრებიან, რომელიც ყოველწლიურად ქალაქ ვენაში იმართება და მას მსოფლიოს ლიდერი მედია პროფესიონალები მთელი მსოფლიოდან ესწრებიან. იხ: https://www.publishing-congress.com/
ანა კობაიძე, ჟურნალისტი, 2018 წლის კონკურსის გამარჯვებული: „საქართველოში პირველმა მედია კონკურსმა CSR-ის შესახებ საშუალება მომცა გამეშუქებინა ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემები და ამავდროულად დავსწრებოდი ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას ჩემს პროფესიულ კარიერაში, რომლის განმავლობაში გავიცანი მსოფლიო ლიდერი მედია პროფესიონალები და მივიღე დაუვიწყარი გამოცდილება, რომელიც პროფესიულ ზრდაში დამეხმარა. მინდა ვუთხრა ჩემს კოლეგებს, არ გაუშვან შანსი მონაწილეობა მიიღონ ყველაზე ობიექტურ მედია კონკურსში CSR-ის შესახებ.“
CSRDG პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, აქტიურად მუშაობს ცენტრალურ და რეგიონულ მედიასთან, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ცნების პოპულარიზაციისა და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის დამკვიდრების მიზნით. 2018 წლის მედია კონკურსის ფარგლებში 28 მონაწილეს შორის 5 გამარჯვებული დაჯილდოვდა. კონკურსს წინ უძღვოდა წარმატებით გამართული ტრენინგები ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისათვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე.

პროექტის შესახებ ინფორმაცია: „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (2017-2020) მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან. პროექტს ახორციელებს: კონრად ადენაუერის ფონდი (KAS), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.
ინფორმაცია განმახორციელები ორგანიზაციის შესახებ: “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” (CSRDG) არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1995 წელს. CSRDG არის პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელმაც მოამზადა და გამოსცა: მდგრადი განვითარების ანგარიში „ანგარიშგების გლობალური ინიციატივის“ (GRI) საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით; პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო CSR-ზე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის; ვრცელი ანალიტიკური კვლევა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და საჯარო სექტორის როლი“ (ანალიტიკური მიმოხილვა და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას).
მედია კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს - http://bit.ly/First_media_contest_CSR ან http://bit.ly/Media_contest_jobs-ge
ან დაურეკეთ სალომე თოფურიძეს - CSRDG-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტს - 599326555, salometopuridze@csrdg.ge

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2780