ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
18/12/2017
ქართულ-ჩინური სოფლის მეურნეობის ტექნიკური თანამშრომლობის ორწლიანი პროექტის შეჯამება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ძი იანჩიმ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, საქართველო-ჩინეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში აშენებული სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსი დაათვალიერეს და ორწლიანი თანამშრომლობა შეაჯამეს. მინისტრთან ერთად ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები ნოდარ კერესელიძე და იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორ ლევან უჯმაჯურიძე და ჩინური მხარის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლებში, ჩინეთის ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მზისა და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა სათბური ააშენა, რომელიც სამეცნიერო დანიშნულებისაა. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარებას და ადგილობრივი წარმოების პოტენციალის ზრდას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებს საქართველოს სოფლის მეურნეობაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და განხორციელებული ინვესტიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგრანტო დახმარების პირველი ფაზის ფარგლებში, საქართველომ მიიღო რამდენიმე მილიონიანი დახმარება, რომლის მეშვეობით აშენდა სასათბურე მეურნეობები. ეს არის ძალიან კარგი გამოცდილება ჩვენი ფერმერებისთვის. ამავე დროს, გათვალისწინებულია მეორე ფაზაც, რომელიც გულისხმობს საგრანტო დახმარებას ფერმერებისთვის, უშუალოდ იმისთვის, რომ მათ თავიანთი ინვესტიციებიც განახორციელონ და ასეთი ტიპის სათბურები სხვადასხვა კუთხეში გაჩნდეს,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ დაგეგმილი მეორე ეტაპის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის დასავლეთ საქართველოს მოიცავს. რითაც მოხდება საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარება და ქართველ ფერმერებს, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებული პროდუქციისთვის რეალური კონკურენციის გაწევის შესაძლებლობა ექნებათ.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ქართველი ფერმერებისთვის ჩინეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებულმა სასათბურე სისტემამ ჩინეთის სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებაში დიდი როლი შეიტანა.
„საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის 2015 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას სასათბურე მეურნეობების პროექტის თაობაზე. ორ წლიანი კვლევისა და ექსპერიმენტების შემდეგ პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. ჩინეთში ბოლო 40 წელია წარმატებით იყენებენ ასეთ სასათბურე სისტემებს, რამაც დიდი როლი ითამაშა ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარებაში. დღეს ხელი მოეწერა პირველი ეტაპის დასრულებას, მალე დაიწყება პროექტის მეორე ეტაპი. მე იმედი მაქვს, რომ მეორე ეტაპი კიდევ უფრო წარმატებული იქნება და კიდევ უფრო მეტ შედეგს მოიტანს.“
თანამშრომლობის პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, პროექტის პირველი ფაზა წარმატებით განხორციელდა და ამის დასტურია ფერმერების მხრიდან პროექტში ჩართვის სულ უფრო მზარდი ინტერესი. აღსანიშნავია, რომ ჰუნანის პროვინციის სოფლის მეურნეობის ჯგუფი აქტიურად არის ჩართული სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გაცვლით და ადამიანური რესურსების განვითარების პროექტებში, რომლის ფარგლებშიც წარმატებით ხორციელდება ფერმერთა გადამზადება. ქართველ ფერმერებს საშუალება აქვთ მიიღონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკასა და მართვის საკითხებზე, სათბურებში ბოსტნეული კულტურების დაავადებების კონტროლისა და დახურულ გრუნტში ბიოსასუქებისა და ბიოპესტიციდების გამოყენების მექანიზმებზე და სხვა.
პროექტის მეორე ფაზა უახლოეს პერიოდში დასავლეთ საქართველოში დაიწყება. თანამშრომლობის ფარგლებში მზის სითბური მოწყობის სათბურები იმერეთის რეგიონში არსებულ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საცდელ ბაზაზე განთავსდება.
ორგანიზაციის შესახებ
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
infomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
წაკითხულია: 2939