ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
30/04/2017
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ქართული ენის X რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ქართველებთან ერთად უცხოელი მოსწავლეებიც დაჯილდოვდნენ
29 აპრილს, თბილისში ქართული ენის X რესპუბლიკური ოლიმპიადის ფინალი და საზეიმო ღონისძიება გაიამართა. კონკურსში წელს 4000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. 1300 მოსწავლე აქედან არაქართველი გახლდათ, რომლებმა ქართული ენის განსაკუთრებული ცოდნა და სიყვარული გამოავლინეს. ფინალურ ღონისძიებაზე გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციაში დაჯილდოვდებიან: საუკეთესო კალიგრაფი, მხატვრული კითხვის ოსტატი და საუკეთესო მუსიკალური ნომერი.
გამარჯვებული მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონს წარმოადგენდნენ, ხოლო არაქართულენოვან საკონკურსო ტურში კი გამარჯვება თურქმა, კორეელმა, აზერბაიჯანელმა და შუა აზიელმა მოსწავლეებმა მოიპოვეს.
ქართული ენის რესპუბლიკური ოლიმპიადა საქართველოში სკოლა-ლიცეუმ „სხივის ორგანიზებით ტარდება. 10 წლიანი ისტორიის მანძილზე სკოლამ 15 000-ზე მეტ ნიჭიერ ქართველ და უცხოელ მოსწავლეს უმასპინძლა. წლების განმავლობაში იზრდება არაქართველი მოსწავლეების ინტერესი ქართული ენისა და კულტურის მიმართაც, რასაც ბოლო ოლიმპიადაზე მიღწეული შედეგებიც ცხადყოფს.
„ჩვენთვის, როგორც მასპინძელი და ორგანიზატორი სკოლისთვის საამაყო და სასიხარულოა, რომ ქართული ენის ოლიმპიადაში მხოლოდ დედაქალაქის მოსწავლეები არ არიან ჩართულნი. წელს გამარჯვებულები მთელი საქართველოს მასშტაბით გვყავს და ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ქართველი და უცხოელი მოსწავლე დაინტერესდება ჩაერთოს „დედა ენის“ დღისადმი მიძღვნილ ოლიმპიადაში.” - განაცხადა სკოლა-ლიცეუმ “სხივის” დირექტორმა ეკა ჩიქობავამ.
ქართული ენის რესპუბლიკური ოლიმპიადა ყოველ წლის აპრილში იმართება და მისი მიზანია ქართველ და არაქართველ მოსწავლეებში ქართული ენისადმი ინტერესის გაზრდა; მოსწავლეებში წერითი და ზეპირმეტყველების კულტურის გამომუშავება; კითხვისა და წიგნიერებისადმი ინტერესის გაძლიერება; კონკურსი მიზნად ისახავს ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენასა და მათ წახალისებას. წელს ოლიმპიადა კამპანია „ვსწავლობთ ქართულად“ ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანიც საქართველოში მცხოვრები უცხოელი მოსწავლეებისთვის ქართულ ენაზე სწავლების წახალისება და ხელშეწყობაა.
ორგანიზაციის შესახებ
პროექტი სკოლა-ლიცეუმი „სხივის“ ორგანიზებით იმართება. მეათე რესპუბლიკური ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს განათლების სამინისტრო, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, პალიტრა L და წიგნების მაღაზია ლიბრა.
წაკითხულია: 3144