ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
17/02/2021
ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო გავზარდოთ როგორც ადგილობრივი აგროწარმოება, ისე ექსპორტის მაჩვენებლები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულს, ზვიად შალამბერიძეს შეხვდა. შეხვედრაზე სასოფლო-სამეურნეო და გარემოს დაცვის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ პოტენციალსა და პრიორიტეტული დარგების განვითარებაზე. აღინიშნა, რომ სახელმწიფო წელსაც განახორციელებს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მასშტაბურ ღონისძიებებს, სადაც უმნიშვნელოვანესი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიური ჩართულობა.
„2020 წელი, იმერეთში, ისევე როგორც ქვეყნის სხვა რეგიონებში, აგრარულ სექტორში წარმოების თვალსაზრისით, წარმატებული იყო. ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო გავზარდოთ როგორც ადგილობრივი აგროწარმოება, ისე ექსპორტის მაჩვენებლები“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
ზვიად შალამბერიძემ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობაზე ისაუბრა. სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონისთვის სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდა. ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, იმერეთის რეგიონში, ფაროსანასთან ბრძოლის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.



ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1375