ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„მიკრომეწარმე 2015“-ის გამარჯვებულები უკვე ცნობილია
01/12/2015

პრესრელიზი

„მიკრომეწარმე 2015"-ის გამარჯვებულები უკვე ცნობილია


საქართველოში პირველად კონკურსი „მიკრომეწარმე 2015" გაიმართა. პროექტი საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის და მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC, პოლონეთი) ორგანიზებით ჩატარდა. „მიკრომეწარმე 2015" პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა და მისი ფინანსური მხარდამჭერია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

კონკურსის გალა დაჯილდოვებაზე გამარჯვებულები 5 სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინეს: წლის საუკეთესო მიკრომეწარმედ თამაზ ნამორაძე დასახელდა და მას ფულადი ჯილდო 5 000 ლარი ერგო. გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებშიც გამოვლინდნენ: წლის საუკეთესო ახალგაზრდა მიკრომეწარმე - ფიქრია ბანძელაძე; წლის საუკეთესო ქალი მიკრომეწარმე - ანა წიქარიშვილი; წლის ყველაზე ინოვაციური მიკრომეწარმე - გია ჯანჯღავა და წლის სოციალურად ორიენტირებული მიკრომეწარმე - თამარ თავზარაშვილი; თითოეული მათგანს ფულადი ჯილდო 2500 ლარი გადაეცათ. გამარჯვებულები სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, პოლონეთის ელჩმა საქართველოში ანჟეი ჩეიშკოვსკიმ, ბიზნეს ომბუდსმენმა გიორგი გახარიამ, ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის" გენერალურმა დირექტორმა თინათინ რუხაძემ და მიკროსაფინანსო ცენტრ MFC-ის წარმომადგენელმა დააჯილდოვეს.

 

„მიკრომეწარმე 2015"-ის მიზანია ხელი შეუწყოს მეწარმეობის განვითარებას და გამოავლინოს საუკეთესო მიკრომეწარმეები, რომლებიც წარმატებით უძღვებიან და ანვითარებენ საკუთარ ბიზნესს საქართველოში.

კონკურსში ასობით განაცხადი შევიდა ქვეყნის ყველა რეგიონიდან. თითეული განაცხადი და სააპლიკაციო ფორმა დეტალურად იქნა განხილული და შესწავლილი კომპეტენტური ჟიურის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: გიორგი გახარია - ბიზნესომბუსმენი, პრემიერ მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში -ეკონომიკური საბჭოს მდივანი; მიხეილ ჭელიძე - საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი; თინათინ რუხაძე - ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის" გენერალური დირექტორი და კომპანია „ეისითი - ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის" გენერალური დირექტორი; ლევან კალანდაძე - ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში; ალექსანდრე გომიაშვილი - „კრედიტინფოს" გენერალური დირექტორი; ზურაბ ლალაზაშვილი - BDO-ს მმართველი პარტნიორი; ლევან გოგოლაძე - PMO Business Consulting-ის პარტნიორი; თამარ ლებანიძე - ფონდ „კონსტანტას" გამგეობის თავმჯდომარე; ნინო ზამბახიძე - საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე; ბესიკ შენგელია - საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე და მისო „ლაზიკა კაპიტალის" დირექტორი; არჩილ ბაკურაძე - მისო „კრისტალის" გამგეობის თავმჯომარე და საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის წევრი და აიეტი კუკავა - „ ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი და საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის წევრი. ჟიურის გადაწყვეტილება და გამარჯვებულების ვინაობა მხოლოდ 30 ნოემბერს გახდება ცნობილი.

გალა დაჯილდოვებამდე ასევე გაიმართა გამოფენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მიკროსაფინანსო ასოციაციის წევრმა ორგანიზაციებმა: კრედომ, ლაზიკა კაპიტალმა, კრისტალმა, ბი-აი-ჯიმ, სვის კაპიტალმა და ფინკა ბანკმა.

 

###
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ პროექტის ოფიციალურ ვებ გვერდზე: award.microfinance.ge. 

 

წაკითხულია: 6153