ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გამოფენა "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერები
31/10/2008



ანონსი მედიისთვის

31 ოქტომბერი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
 


გამოფენა - "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერები

4 ნოემბერს, 17:00 საათზე,  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი (მის: მერაბ ალექსიძის 1/3) მართავს უნიკალურ გამოფენას სახელწოდებით "ვეფხისტყაოსნის ხელნაწერები".

პროექტის მიზანია თავი მოუყაროს და ფართო საზოგადოებას გააცნოს სხვადასხვა ეპოქაში გადაწერილი "ვეფხისტყაოსნის" რჩეული ნუსხები, ძველნაბეჭდი გამოცემები და ამ პოემის თემაზე შექმნილი ნამუშევრები. 

შოთა რუსთაველის ეს გენიალური ნაწარმოები ხალხში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა და დღევანდელ დღემდე მრავალმა ხელნაწერმა შემოგვინახა. მათი რიცხვი, ცალკეული ფრაგმენტების ჩათვლით 200-მდე აღწევს. აღსანიშნავია, რომ ქართული ნაწარმოებების არც ერთი იმ რაოდენობის ხელნაწერი არ მოგვეპოვება, რამდენიც "ვეფხისტყაოსნისა".

გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება ექნება იხილოს "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერის უძველესი და უნიკალური ფრაგმენტები, ისეთი ცნობილი და გამორჩეული ნუსხები, როგორიცაა "წერეთლისეული", "თავაქარაშვილისეული", "ბეგთაბეგისეული", "ზაზასეული", "გურგენასეული" ხელნაწერები... "ვეფხისტყაოსნის" გაგრძელებები, მაჯამები, ზღაპრები ტარიელსა და ავთანდილზე... ძველნაბეჭდი გამოცემები, მათ შორის, ვახტანგ VI-ის, გ. ჩარკვიანის, გ. ქართველიშვილისა და სხვათა გამოცემები.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება მ. ზიჩის, ლ. გუდიაშვილის, თ. აბაკელიას, ს. მაისაშვილის მიერ "ვეფხისტყაოსნის" თემაზე შექმნილი ილუსტრაციები, "ვეფხისტყაოსნის" უცხოენოვანი თარგმანები და სხვა საინტერესო მასალა.

პროექტი ორიენტირებულია საზოგადოების ფართო ფენებზე  - ქართველ და უცხოელ დამთვალიერებელზე. 

###

საკონტაქტო პირი:
ირინა ჭოღოშვილი
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
ტელ: 36 40 94; 895 28 16 08
ელ-ფოსტა:
info@manuscript.ge
ვებ-გვერდი: www.manuscript.ge

 

წაკითხულია: 7178