ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გიგი ჯიშკარიანი - საუკეთესო სტუდენტი ქუთაისიდან
14/10/2021

გიგი ჯიშკარიანი KIU-ს ერთ-ერთი წარმატებული და გამორჩეული სტუდენტია. ის უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე უმაღლესი ქულებითა და 100%-იანი სახელმწიფო გრანტით ჩაირიცხა. ქვეყნის მასშტაბით, გიგი ერთ-ერთია იმ 10 საუკეთესო სტუდენტს შორის, რომელმაც 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საშუალო ქულის მიხედვით უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.


ნიჭიერი მოსწავლე სკოლის ასაკშივე გამოირჩეოდა STEM დისციპლინების სიყვარულითა და სიბეჯით. მატემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება პატარა ასაკიდან გამოავლინდა და სკოლაში სწავლის დროსვე არაერთი ოლიმპაიდის გამარჯვებულიც გახდა.


2018 და 2019 წლებში ნიჭიერმა ახალგაზრდამ წარმატებით იასპარეზა „მცირე აკადემიის" საბუნებისმეტყველო საგნების ოლიმპიადებში (ქიმია -2018 და მათემატიკა - 2019). მიღწეული შედეგების შედეგად იგი თანატოლებთან ერთად გაემგზავრა საგანმანათლებლო ბანაკში, სადაც აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა სემინარებსა და აქტივობებში.


ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ, მან საქართველოში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება და არჩევანი KIU-ზე გააკეთა.


„ყოველთვის მიზიდავდა კომპიუტერული მეცნიერებები და ტექნოლოგიები, მომავლის პროფესიაზე ფიქრისას მხოლოდ პროგრამირებას განვიხილავდი. KIU ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში წამყვანი უნივერსიტეტია, რომელიც საშუალებას მაძლევს, მივიღო ხარისხიანი განათლება იმ ქალაქში, სადაც ვცხოვრობ. KIU-ში ჩაბარებას საუკეთესო გადაწყვეტილებად მივიჩნევ. უნივერსიტეტის არჩევისას უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქართველი და უცხოეთიდან მოწვეული გამოცდილი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი იყო. დიდი როლი ითამაშა, აგრეთვე, მეგობრების რეკომენდაციამ და მათ მიერ გაზიარებულმა გამოცდილებამ. საბოლოოდ, ეს ყოველივე და საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტებისთვის დაწესებული სტიპენდიები უდიდესი მოტივაციის წყაროდ იქცა, რათა საუკეთესო შედეგებით ჩამებარებინა KIU-ში", - განაცხადა გიგი ჯიშკარიანმა.


100 %-იანი სახელმწიფო გრანტის მოპოვებამ და საქართველოს მასშტაბით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებულმა უმაღლესმა საგრანტო ქულამ გიგის დამატებითი შესაძლებლობა მისცა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მას სრულად დაუფინანსა სწავლისა და ცხოვრების გადასახადები, ასევე, დაუნიშნა ყოველთვიური სტიპენდია.


„ვფიქრობ, KIU-ში მივიღებ ხარისხიან განათლებას, რომელიც დამეხმარება საკუთარი თავის რეალიზებაში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ვაპირებ, მომავალი წლების განმავლობაში საფუძვლიანად დავეუფლო პროფესიას, მონაწილეობა მივიღო გაცვლით პროგრამებსა და პროექტებში", - აღნიშნა გიგი ჯიშკარიანმა.


 

წაკითხულია: 2391