სალომე ქაჯაია მომავალი პედაგოგია. ახალგაზრდა გოგონა ზუგდიდის რაიონ სოფ. ნარაზენიდანაა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივ მეცნიერების და ჯანდაცვის ფაკულტეტის, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული სტუდენტია.
მას მოზარდობის ასაკშივე ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ მასწავლებელი გამხდარიყო და საკუთარი თავი მომავალი თაობების აღზრდისთვის მიეძღვნა. როგორც ყველა ბავშვი ხშირად წარმოედგინა თავი მასწავლებლის ადგილას და პროფესიის არჩევას საკუთარ პედაგოგს უკავშირებს, რომელიც გოგონასთვის ინსპირაცია და მოტივატორიც კი გახდა.
„სკოლის კედლებში გადადგმული პირველივე ნაბიჯებიდან ჩემთვის მამოტივრებელ ძალად იქცა, ჩემი პირველი მასწავლებელი. მისი მეთოდები, ჩვენთან ურთიერთობა, თითოეული დეტალი, რაც მას უკავშირდება, ღრმად დაილექა ჩემს ქვეცნობიერში და შემდგომში უკვე უდიდესი გავლენა იქონია, ჩემი ცხოვრების პროფესიის არჩევაში. როდესაც აბიტურიენტი ვიყავი ბევრი არც მიფიქრია რა მიმართულებით უნდა წავსულიყავი, ყოველთვის მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ მე უნდა გავმხდარიყავი მასწავლებელი და მეზრუნა მომავალი თაობის აღზრდა-განათლებაზე“,- ამბობს მომავალი მასწავლებელი.
სალომე ქაჯაია დღეს აქტიური სტუდენტია. პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს ხელი არ შეუშლია, რომ სხვადასხვა პროექტში ჩართულიყო. იგი მუდმივად ცდილობს განვითარებისა და საგანმანათლებლო პროექტებშიც იღებს მონაწილეობას. 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის განმავლობაში ზსსუ და ბილფილდის უნივერსიტეტის სოციალური მუშაკის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდა „კოგნიტური ქცევითი თერაპია“ სასწავლო კურსში. ასევე ჩაერთო USAID საბაზისო განათლების პროგრამის პრაქტიკის კვლევაში. მისი ინიციატივით არაერთი თემატური პროექტი ხორციელდება უნივერსიტეტში.
სწავლის პარალელურად ცდილობს სოციალური აქტივობების მონაწილეც იყოს და თავისუფალ დროს ისევ საკუთარი შესაძლებლობების განვითარებასა და ზრდას ახმარს. გოგონას ბეჯითი სწავლისა და შრომის შედეგია ისიც, რომ მიმდინარე სემესტრში იგი რჩეულთა შორის მოხვდა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიაც მოიპოვა.
„მე გავიაზრე ჩემი წილი პასუხისმგებლობა , მასწავლებლობისკენ მიმავალ გზაზე. ვაცნობიერებ, რომ მასწავლებლის შრომა რთულია, თუმცა განსაკუთრებით სასიამოვნოა მასწავლებლისთვის მოსწავლეებში მისი შრომის ნაყოფის დანახვა. გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიანტობა დიდი მოტივაციაა მიზნის მისაღწევად. სასიამოვნოა, როდესაც პროფესია რომელსაც ეუფლები ამდენად დაფასებულია კერძო ფონდის მიერ“, - ამბობს სტიპენდიანტი.
მომავალი მასწავლებლების სტუდენტური სტიპენდიების პროგრამა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფოდნმა გასულ წელს საკუთარი ინიციატივით წამოიწყო და წელს უკვე ექვს სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ხორციელდება აღნიშნული პროექტი. ჯამში მიმდინარე სემესტრიდან 60 მაღალი მოსწრების სტუდენტი, რომელიც პედაგოგის პროფესიას ეუფლება, მიიღებს ფონდის მიერ დაწესებულ სტიპენდიას.