ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
13/09/2021
ელენე ხოშტარიას მიერ გამართული ბრიფინგი

გუშინ ტელეკომპანია პირველის ეთერში ვიხილეთ გამაოგნებელი, საგანგაშო და კატასტროფული ინფორმაცია, სკოლის, ბაღის და ბაგა-ბაღის მასწავლებლების, პირდაპირ ვიტყოდი, ტერორის შესახებ. ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, ახალი არ არის სკოლის მასწავლებლების, დირექტორების, საჯარო მოხელეების პოლიტიკურ პროცესებში გამოყენება და ამ მიზნით მათზე ზეწოლა.  გუშინ გასულ სიუჟეტში ეს ყველაფერი დოკუმენტურად დასაბუთებული ვიხილეთ. ეს კი ნიშნავს, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა, სუსი რესურსცენტრი და პარტია „ქართული ოცნება“ კოორდინირებულად აგროვებს ინფორმაციას  კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრების, პირადი შეხედულებების და მათი ოჯახის წევრების პირადი ცხოვრების შესახებ. ამას აკეთებენ აგენტურის, თვალთვალის, მიყურადების და ისეთი დანაშაულებრივი მეთოდების საშუალებით, რომლებიც მხოლოდ 1937 წელს მახსენებს.

ეს არ არის მხოლოდ მასწავლებლების პრობლემა. ამასთან შეგუება ნიშნავს, რომ საქართველოში არ იარსებებს არცერთი ადამიანი, რომელიც დაცული იქნება. ნებისმიერ მოქალაქეს ემუქრება რეპრესიების, ტერორის შეზღუდვის შევიწროების ძალიან დიდი საფრთხე.


ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტები ტვ პირველის ჟურნალისტების ნამუშევარშივე დასტურდება ფაქტებით, მასწავლებლების მონათხრობით. ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ია კერზაია იყო ზეწოლისა და შანტაჟის მსხვერპლი.


მეც მინდა, შევახსენო საზოგადოებას და მივაწოდო მედიას ინფორმაცია იმ დირექტორების შესახებ, რომლებთანაც მქონდა კონტაქტი, დაახლოებით 1 წლის განმავლობაში, და რომლებიც შეავიწროვეს, გაუშვეს სამსახურებიდან პოლიტიკური მოსაზრებების გამო.


1. კობა კვიკვინია - პირველი მაისის საჯარო სკოლა (ხობი)


2. ბელა ხუბუტია  - მე-10 სკოლა (თბილისი)


3. ნანა ჯუღელი - 149 სკოლა (თბილისი) - ვერ მიხვდა მიზეზს რატომ გაუშვეს, ახლა ნათელია.


4. მარინა წერეთელი - 120-ე სკოლა (თბილისი)


5. მაია გრიგოლია - 186 სკოლა (თბილისი)


6. თეა გვინდაძე - მისაქციელის სკოლა  - წარმატებული მასწავლებელი, რომელიც პოლიტიკური მოსაზრებების გამო შეავიწროვეს.


7. ხათუნა გერგაია - ხობის რესურსცენტრის ყოფილი უფროსი - არ ასრულებდა პოლიტიკურ დავალებებს და გაუშვეს სამსახურიდან.


ეს არის სულ რამდენიმე იმ შემთხვევებიდან, ვისთანაც ვიყავი კონტაქტზე და ვის დაცვასაც ვცდილობდი. 


მივმართავ ყველა საჯარო მოხელეს, მასწავლებელს, ბაღის თუ სკოლის დირექტორს, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, ყველას, ვინც ამ წინასაარჩევნო პერიოდში შეიძლება იყოს ზეწოლის ობიექტი. მოგვმართეთ, პირდაპირი თუ ირიბი, ნებისმიერი ზეწოლის შემთხვევაში, მოგვმართეთ საჯაროდ, დაფარულად, გადმოცემით. ჩვენ თქვენ დაგიცავთ. არ არსებობს იმაზე დიდი ფასეულობა, ვიდრე თქვენი უფლებების თქვენი პირადი სივრცის დაცვა. პირობას გაძლევთ, რომ ვერცერთი სისტემა ვერ დაგჩაგრავთ  თუ ვიდგებით ერთად. ამიტომ ნუ გეშინიათ, ბევრჯერ გვინახავს ასეთი სისტემები დამსხვრეულიც და შეშინებულიც.  მოგვაწვდინეთ ხმა და ჩვენ აქ ვართ, თქვენ გვერდზე.


მივმართავ ყველა მოქალაქეს, თუ ჩვენ ამ არჩევნებზე არ გვექნება რეაქცია და არ მივცემთ ხმას ცვლილებას ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვწირავთ ჩვენს თავს, ჩვენს შვილებს, ჩვენი ოჯახის წევრებს, ტერორში ცხოვრებისთვის.


და ბოლოს, მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას დავდოთ პირობა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ პოლიტიკური მანიპულაციებისთვის საჯარო მოხელეების მასწავლებლების დირექტორების გამოყენების პრაქტიკას. ამის გარეშე, არავის აქვს არც პოლიტიკური და არც მორალური უფლება ილაპარაკოს ქვეყნის განვითარებაზე. ჩვენ თუ არ დავხურეთ ეს ფურცელი, ჩვენი სახელმწიფო არაფრის ღირსი არ იქნება.


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 85