ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
29/03/2022
მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრი დაფუძნდა

უცხოურმა და ქართულმა 18 კომპანიამ ხელი მოაწერა წევრობის დეკლარაციას, რომლის თანახმადაც კომპანიები ახლად დაფუძნებული ა(ა)იპ მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის წევრები გახდნენ. ცენტრის დაფუძნებით, შპს „იმერეთის აგროზონის" სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის I ფაზის იმპლემენტაცია დაიწყო.

ცენტრის დაფუძნების აღსანიშნავ ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი დაესწრნენ.
„მნიშვნელოვანია, რომ ახალი სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრის მმართველობასა და ფუნქციონირებაში მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო-სამეცნიერო ცენტრები, ბიზნესსექტორი და ფერმერები. ცენტრი წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა. სამ წელიწადში სახელმწიფო სრულად გადასცემს მის მართვას ორგანიზაციის წევრებს. ეს არის სიახლე საქართველოსთვის, ეს არის ევროპული მოდელის დანერგვა ასეთი ტიპის ორგანიზაციების მართვაში", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.
მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის მშენებლობა ბაღდათში, 2022 წელს დაიწყება. სასწავლო ცენტრი და სადემონსტრაციო სათბურები 3 ჰექტრამდე მიწის ფართობზე მოეწყობა, სადაც დაინტერესებული პირები პრაქტიკულ მეცადინეობებს გაივლიან. მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრში, ადგილობრივი ფერმერები მიიღებენ ცოდნას და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომლის შედეგი საშუალო წლიური წარმოების გაორმაგება და სეზონური წარმოების გახანგრძლივება იქნება.
ახალი სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრი არაკომერციული იურიდიული პირია, რომელიც წევრობაზეა დაფუძნებული და აერთიანებს უცხოურ და ქართულ აგროპროდუქტების და სასათბურე ტექნოლოგიების, სერვისების და სწავლების მიმწოდებელ კომპანიებს. ცენტრის მთავარი ბენეფიციარები იმერეთის რეგიონის მესათბურე ფერმერები არიან.
„შპს „იმერეთის აგროზონის" მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ არ იქნება მხოლოდ სასწავლო ცენტრი, ეს არის პლატფორმა, სადაც ფერმერები ყველა საჭიროებასა და მოთხოვნაზე შესაბამის ბიზნესშეთავაზებას მიიღებს. ეს არის მოთხოვნის და მიწოდების ადგილი. ჩვენ ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ ამ ურთიერთობის მაქსიმალურად გამარტივებას", - აღნიშნა შპს „იმერეთის აგროზონის" დირექტორმა, არჩილ ბუკიამ.
„ეს არის უდაოდ უპრეცედენტო პროექტი საქართველოსთვის და ძალიან სასიხარულოა, რომ იმერეთში ხორციელდება. ჩვენ, დაახლოებით, ხუთი ათასამდე სასათბურე მეურნეობა გვაქვს, რომლებმაც შეიძლება გააფართოონ თავიანთი ბიზნესი, გაზარდონ თავიანთი შემოსავლები. ამ ახალი სასწავლო ცენტრის ბაზაზე, ისინი მიიღებენ ცოდნას, რომელიც მისცემს საშუალებას, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოიყვანონ მოსავალი და გაიტანონ ექსპორტზე ნებისმიერ ქვეყანაში", - განაცხადა იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ
აღსანიშნავია, რომ „იმერეთის აგროზონამ", გასულ წელს, სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტში მონაწილეობის განაცხადზე 10 სხვადასხვა ქვეყნიდან 28 წინადადება მიიღო.
სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტი ითვალისწინებს იმერეთის რეგიონში მაღალი, საშუალო და დაბალტექნოლოგიური სათბურების, შემგროვებელი ლოგისტიკის და გაყიდვების ცენტრის, ასევე, გადამმუშავებელი საწარმოების შექმნას და განვითარებას.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1344

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები