ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
20/11/2023
საქართველოს კარიტასის ორგანიზებით შინმოვლის მართვის საკითხებზე სემინარი ჩატარდა

2023 წლის 17 ნოემბერს, ქ. რუსთავში, სახელმწიფო რწმუნებულის ოფისის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სემინარი ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგეობების სოციალური სამსახურების თანამშრომლებისთვის შინმოვლის მუნიციპალური პროგრამების ორგანიზებისა და მართვის საკითხებზე. სემინარის მიზანია ამ სახის მომსახურების ორგანიზების ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში.

შეხვედრაზე განიხილეს შინმოვლის მომსახურების მიწოდების საკითხები, შინმოვლის როლი მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დაცვის სისტემაში მიმდინარე დემოგრაფიული ცვლილებების ფონზე და შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ხანდაზმულების ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიმოხილვა.
წარმოდგენილი პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია, მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს შინმოვლის სერვისის მიწოდების საჭიროებას რეგიონში.
თბილისში შინმოვლის მომსახურება მოსახლეობას 1994 წლიდან მიეწოდება. თბილისის გარდა, საქართველოს კარიტასის შინმოვლის პროექტები ხორციელდება ახალციხეში, გორში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ბათუმში. ამ პროექტების ძირითადი მიზანია მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა.
საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის პროფესიონალი მულტიდისციპლინარული გუნდი სამედიცინო და სოციალურ მომსახურებას უწევს სოფლად და ქალაქად მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მარტოხელა ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ყველა ასაკის ადამიანებს ვისაც ავადმყოფობისა ან ტრავმის შედეგად შეზღუდული აქვთ საკუთარი თავის მოვლის უნარი. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში მოქმედებს ფასიანი მომსახურება.
საქართველოს კარიტასი ლობირებს შინმოვლის ინტეგრაციის საკითხს ჯანდაცვის სისტემაში, რათა ყველა ადამიანმა მიღოს მისთვის საჭირო გრძელვადიანი სამედიცინო და სოციალური მომსახურება.
შინმოვლის მომსახურების მიწოდებასთან ერთად, საქართველოს კარიტასი ხელს უწყობს ამ სფეროსთვის საჭირო კადრების მომზადებას, საკანონმდებლო ბაზის შემუშავებას და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების განვითარებას შინმოვლის მუნიციპალური პროგრამების დაგეგმარების და ადმინისტრირების საკითხებში.


 


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 847

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები