ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, იოგას საერთაშორისო დღეს თბილისში ექნება საქველმოქმედო ხასიათი. მისი მონაწილეები სოლიდარობას გამოხატავენ 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა მიმართ და ღონისძიების მსვლელობისას შეგროვებულ თანხას დაზარალებულთა ფონდში გადარიცხავენ.
იოგას საერთაშორისო დღე ღია იქნება ყველა მსურველისათვის, ხოლო ფულადი სახსრების გადარიცხვა თბილისის დაზარალებულთა ფონდში ნებაყოფლობით განხორციელდება.
ღონისძიებას დაესწრებიან ინდოეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში - სურეშ ბაბუ, თბილისის მერი - დავით ნარმანია, დიპლომატიური კორპუსისა და მთავრობის წარმომადგენლები.
თბილისში იოგას დღის ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან ინდოეთის საელჩო საქართველოსა და სომხეთში, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, თბილისის მერია და საქართველოში მოქმედი იოგას წამყვანი ცენტრები.
იოგას საერთაშორისო დღე წელს პირველად აღინიშნება. გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, ის გაეროს მიერ აღიარებული დღეების ჩამონათვალში შევიდა. მასტერ-კლასები, სემინარები და გამოფენები ერთდროულად გაიმართება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. ღონისძიება დაფიქსირდება გინესის რეკორდების წიგნში, როგორც იოგას ყველაზე ხანგრძლივი და მასშტაბური ვარჯიში.
https://www.youtube.com/watch?v=e_GhT2ipawg