მედია ანონსი
30 აპრილი - ჯაზის საერთაშორისო დღე
რონ კარტერის კონცერტი თბილისში
30 აპრილს, 20:00 საათზე რუსთაველის თეატრში ლეგენდარული ჯაზ-შემსრულებელი, კონტრაბასისტი რონ კარტერი და მისი ტრიო კონცერტს გამართავენ.
სპეციალურად ჯაზის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად რონ კარტერი თბილისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ეწვია.
ჯაზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონცერტს რამდენიმე კომპოზიციით ჯგუფი "The Quintessence" გახსნის.
ჯაზის საერთაშორისო დღე 2011 წლის ნოემბერში იუნესკოს გენერალური დირექტორის ირინა ბოკოვასა და იუნესკოს კეთილი ნების ელჩის მუსიკოსის ჰერბი ჰენკოკის ინიციატივით 30 აპრილს დაწესდა და პირველად 2012 წელს, პარიზში, ნიუ-იორკსა და ნიუ-ორლეანში აღინიშნა. ამ ღონისძიებას მსოფლიოს რამდენიმე ათეულ ქვეყანასთან ერთად საქართველოც უერთდება.
ყოველწლიურად ერთსა და იმავე დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ჯაზის ვირტუოზებს გრანდიოზულ გალა-შოუზე მასპინძლობს. მსოფლიო დონის ჯაზ-მომღერლები ერთად იკრიბებიან და მშვიდობაზე, ტოლერანტობასა და თავისუფლებაზე მღერიან. წელს გალა-შოუს პარიზმა უმასპინძლა.
ღონისძიების მხარდამჭერია - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია, საქართველოში აშშ-ის საელჩო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, თიბისი ბანკი.