„შვილიშვილებს მოვუყვები, როგორ შეცვალა ძლიერმა ქალმა ჩემი და ჩემი შვილების მომავალი“ - მაიკო ჩიტაშვილის PR-ამბავი
მაიკო ჩიტაშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტთან იმ პირველ კოჰორტას წარმოადგენს, რომელებიც ფაქტობრივად დარგის პიონერები აღმოჩნდნენ საქართველოში და არა მარტო თავად შედგნენ, როგორც პროფესიონალები, არამედ საკუთარი საქმიანობით გზა გაუკვალეს პროფესიით დაინტერესებულ სხვა ადამიანებსაც.
დღეს საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) და სტრატეგიული კომუნიკაციები პოპულარულ, თუმცა ერთ-ერთ სტრესულ პროფესიებს შორის მოაზრება და ამ დარგის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია ნებისმიერი კორპორაციის, კომპანიისა და ორგანიზაციის საქმიანობა.
„ცოტა უცნაურად მოხდა ჩემი პროფესიის არჩევა, ტყუილი გამომივა იმის თქმა, რომ ზუსტად ვიცოდი რა მელოდა წინ, ან წარმოდგენა მქონდა როგორ საოცარ სამყაროში აღმოვჩნდებოდი. ალბათ უფრო სიახლემ მიმიზიდა. ეს სიახლე კი ქალბატონი მარიკა დარჩიას დამსახურებაა, რომელმაც 30 წლის წინ გარდატეხა მოახდინა იმ დროის ჩაბნელებულ ქალაქში და თბილისის საზოგადოებასთან ურთიერთობის ასოციაციის შემდეგ, ტექნიკურ უნივერსიტეტში, ფილოსოფიის კათედრაზე Public Relations-ის ფაკულტეტი დაარსა ბატონ ვანო ჭიაურელთან ერთად,"- მადლიერებით იხსენებს მაიკო ჩიტაშვილი.
„ალბათ ყველაზე საინტერესო სწორედ ჩვენი ჯგუფი იყო. ბევრი დარჩა კიდეც პროფესიაში. დღეს თითქმის ყველა ვმეგობრობთ და გვიწვეს გადაკვეთაც სხვადასხვა პროექტზე. მახსოვს ჩემი პირველი გამოცდილებაც. ეხლა სასაცილოდაც მეჩვენება, მაგრამ 19 წლისას სარეკლამო გაზეთი მქონდა დასთთან და მეგობართან ერთად, სადაც მაშინდელ კერძო უნივერსიტეტების რეკლამებს ვამზადებდით, ვაქვეყნებდით. მასალებსაც ჩვენ ვწერდით, დამკაბადონებლებიც ჩვენ ვიყავით და რედაქტორებიც. შემდეგ იყო პიარის სასწავლო ცენტრი. მოგვიანებით ორგანიზაცია დავაფუძნეთ მეგობრებთან ერთად და ვცდილობდით ცოდნა, გამოცდილება, ახალი იდეები, უკვე სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა,"- აგრძელებს დარგის ექსპერტი.
წარმატებული პროექტისა და განხორციელებული იდეის პარალელურად, იყო ორი სასწავლო გრანტი ბერლინის მედია სკოლაში, არაერთი საერთაშორისო მედია ტური ევროპასა, თუ აზიაში; მრავალი საინტერესო ადამიანი, ათეულობით სემინარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა ინოვაციური მიმართულება, რომლის დანერგვაც 15 წლის წინ პიარ სააგენტო ფაბლისითი ჯგუფში დაიწყო მეგობრებთან ერთად.
„ჩვენი პროფესია ხომ საკმაოდ დინამიურია და მრავალწახნაგაა. ერთის მხრივ სოციალური ფსიქოლოგიის, მასების ფსიქოლოგიის, სოციოლოგიისა და დიპლომატიის სიღრმისეულ ცოდნას მოითხოვს, მეორეს მხრივ კი ერთგვარი ხელოვნებაცაა შეფუთო ისე, როგორი დაკვეთაცაა, ან სამიზნე ჯგუფს სჭირდება. ზოგჯერ მითსაც ქმნი და ზოგჯერ მითის დანგრევა უფრო გიწევს...სულ ვიძახდი მე ვერაფერს შევძლებდი ჩემს სფეროში, რომ არა ჩემი გუნდი და მედია-მეთქი, რომელსაც ჩემს პროფესიაში რაღაც დოზით წამყვანიც კია. ჩემს პროფესიაში კრეატიულობა, გუნდურობა და სტრატეგიული დაგეგმარებაა სჭირდება, რომ შედეგამდე მიხვიდე“- დასძენს მაიკო.
წლების განმავლობაში კომუნიკაციების ექსპერტს სხვადასხვა, ზოგჯერ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ თემებზეც კი უწევდა მუშაობა. ჰქონდა ბევრი გამოწვევაც, თუმცა დღეს უკვე თამამად ამბობს, რომ გზა რომელიც აირჩია საინტერესო, ნაყოფიერი და მრავალფეროვანი აღმოჩნდა.
„მიყვარს რასაც ვაკეთებ და სიამოვნებას ვიღებ ამით. დღეს თუ ერთ თემაზე გიწევს მუშაობა, ხვალ შესაძლოა სრულიად ახალი მიმართულებით გადაგრთოს დამკვეთის სურვილმა და ეს უწყვეტი პროცესია რომ გაიზარდო. ზოგჯერ ვფიქრობ რომ ეს ერთგვარი სცენა და ფილმიც კია, სადაც სცენარზეც შენ გიწევს მუშაობა, რეჟისურაზეც და თუ საჭიროა მსახიობიც კი ხარ.“
როგორც ავღნიშნეთ მაიკო წლებია სხვადასხვა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციასთან მუშაობს, ისევე როგორც ადგილობრივ და ბიზნეს კომპანიებთან, თუმცა მისთვის ყველაზე შთამბეჭდავი მაინც მასწავლებლის მუსტაფა ჩაბუქის ქეისი აღმოჩნდა. როგორც თავად აღნიშნავს, წლების განმავლობაში თემის გარშემო საჯაროდ საუბარი მისთვის შედარებით დახურული იყო და გარკვეული პერიოდი ისე იმუშავა კულისებიდან, ძალიან ცოტამ თუ იცოდა რომ ლობისტური კამპანიის უკან სწორედ მაიკო მუშაობდა. პროფესიონალმა თითქმის ერთი წელი ევროპარლამენტარებთან, ევროპარლამენტის ლობისტებთან, კონგრესმენებთან, უფლებადამცველებთან, პედაგოგებთან და მედიასთან ერთად უდიდესი შრომა ჩადო და მიზანსაც სწორედ დეტალურად გათვლილი ნაბიჯებით მიაღწია.
„ალბათ წლები გავა და მაინც ყველაზე სასიამოვნოდ ამ ისტორიას გავიხსენებ, როგორ მომიწია თურქ და ქართველ მეგობრებთან ერთად მემუშავა დემირელის კოლეჯის მმართველის განთავისუფლების შემთხვევაზე, რომელიც თურქეთის მოთხოვნით უმიზეზოდ დააკავეს და რომლის ექსტრადირებასაც მეზობელი ქვეყანა ითხოვდა. ცოტა ჭადრაკის თამაშს გავდა ეს პროცესი, როცა იცი ძლიერი მოწინააღმდეგე გყავს, მაგრამ მისი ყველა სვლა მაინც უნდა გათვალო წინასწარ, თუ რას დაგეგმავს და შენი დაახვედრო. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში უდიდეს სირთულეებთან გვიწევდა ბრძოლა, იყო შიშიც, იყო საფრთხეებიც, იყო ემოციებიც კი, რომელიც მუშაობისას წამგებიანია, ვფიქრობ მთავარს ყველასთან ერთად მივაღწიე და ჩაბუქი დღეს თავისუფალია და მეუღლესთან ერთად პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა ევროპაში. ბევრი პროექტი მეამაყება, მაგრამ მაშინ ამ წარმატებამ სხვა ემოცია და თვითშეფასება მომიტანა. მახსოვს ციხიდან გამოსვლის და საქართველოს დატოვების შემდეგ ჩემმა მეგობარმა მუსტაფამ მომწერა: „შვილიშვილებს მოვუყვები, როგორ შეცვალა ძლიერმა ქალმა ჩემი და ჩემი შვილების მომავალი“. ამ ამბის შემდეგ 6 წელი გავიდა, მაგრამ იმ გზის გახსენებაც კი გამარჯვების შეგრძნებას მიბრუნებს , რაც ლამის გარდამტეხი ეტაპი იყო ჩემს კარიერაში,“ - იხსენებს კომუნიკაციების ექსპერტი.
დღეს მაიკო უკვე ახალ მიმართულებებზე აგრძელებს მუშაობას და დიდი სურვილი აქვს ის ცოდნა და გამოცდილება რაც პროფესიაში დააგროვა უკვე აკადემიური მიმართულება მისცეს. „20 წელზე მეტია საგანმანათლებლო პროექტებზე მიწევს მუშაობა. თავადაც ძალიან მომწონს ცოდნის გაზიარება. ბოლო ხუთი წელია უფრო მეტად დავინტერესდი ადამიანის ფსიქო-ემოციური უნარების შესწავლით და ვფიქრობ დრო დადგა ცოტა მეტი ენერგია სამეცნიერო მიმართულებასაც დავუთმო," - ამბობს მაიკო ჩიტაშვილი.
ამ ეტაპზე იგი ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობს და კომპანია "ფაბლისითი ჯგუფს" უდგას სათავეში, რომელიც ლამის 20 წელია სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროშია. უკვე ამ წლიდან კომპანია შედარებით ახლებურ და განსხვავებულ პროდუქტებს შესთავაზებს ქართულ ბაზარს, თუმცა მთავარი აქცენტი მაინც შენარჩუნდება, აქცენტი სტრატეგიულ კომუნიკაციებზე, ინოვაციებზე და განათლებაზე.