ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ამერიკელი იურისტები საზოგადოებისათვის სასარგებლო შეთანხმებების თემაზე შეხვედრებს გამართავენ
14/05/2012
 
მედია ანონსი

14 მაისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი: ლევან ჯორბენაძე,
იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტი
მობ: 595 900 408 მეილი: ljorbenadze@legalaid.ge

ამერიკელი იურისტები საზოგადოებისათვის სასარგებლო შეთანხმებების თემაზე შეხვედრებს გამართავენ

15-21 მაისს, თბილისს ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის “იურისტთა კომიტეტი სამოქალაქო უფლებებისათვის” წარმომადგენლები ეწვევიან. დიანე გლაუბერი და დევიდ ზისერი საქართველოს ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შეთანხმებების საკითხზე გამოცდილებას გაუზიარებენ. 

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები უფასო სამართლებრივი დახმარების სფეროში გატარებულ რეფორმებს გაეცნობიან და, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორთან ირაკლი კობიძესთან ერთად, თბილისის წამყვან უნივერსიტეტებში ღია შეხვედრებს გამართავენ. განხილვის ძირითადი თემებია საზოგადოებისათვის სასარგებლო შეთანხმებები, ხელმისაწვდომი საცხოვრისი და Pro Bono მოდელი აშშ-ში. შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შეთანხმებების (Community Benefits Agreements) წარმოშობა და განვითარება ამერიკაში, კალიფორნიის შტატში დაიწყო. ეს შეთანხმებები, კონკრეტული საინვესტიციო პროექტების განხორციელების დროს,  სამშენებლო კომპანიასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობას გულისხმობს, რაც ორივე მხარისათვის მისაღები და მომგებიანია. მაგალითად,  ადგილობრივმა საზოგადოებრივმა გაერთიანებებმა, სარგებლის სახით, შეიძლება გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა ან დამატებითი სამუშაო ადგილები მიიღონ, სანაცვლოდ კი დეველოპერებს დაბრკოლებებს არ შეუქმნიან. საზოგადოებისათვის სასარგებლო შეთანხმებების მხარე შესაძლოა იყოს სახელმწიფო, თუ იგი კონკრეტული საინვესტიციო პროექტის სუბსიდირებას ახორციელებს.

“იურისტთა კომიტეტი სამოქალაქო უფლებებისათვის” (Lawyers' Committee for Civil Rights Under Law ) 1963 წელს პრეზიდენტ ჯონ კენედის მოთხოვნით დაფუძნდა. მისი საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შეთანხმებების დროს, ადგილობრივ მოსახლეთა გაერთიანებებისათვის იურიდიული დახმარების გაწევა და ხელმისაწვდომი საცხოვრისი სისტემის მხარდაჭერა წარმოადგენს.

ამერიკელი იურისტების ვიზიტი შედგება საკანონმდებლო პრაქტიკის (LFP) პროგრამის ფარგლებში, რომელსაც საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები (ACTR/ACCELS), აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეების ბიუროს დაფინანსებით ახორციელებს.

###

წაკითხულია: 2138