ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის სამედიცინო-საინფორმაციო ცენტრის პროექტის პრეზენტაცია
12/12/2008



ანონსი მედიისთვის

12 დეკემბერი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის სამედიცინო-საინფორმაციო ცენტრის გახსნის ცერემონია

16 დეკემბერი, 14:00 საათი, საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი (მის: წინამძღვრიშვილის ქ. №57) - ევროკავშირის  და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ თანადაფინანსებული პროექტის - ,,ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობა - ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში იხსნება ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის სამედიცინო-საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ახალგაზრდებს უზრუნველყოფს უფასო კონსულტაციებით, კონტრაცეპტიული საშუალებებით, ფინანსურად ხელმისაწვდომი დიაგნოსტიკური და სამკურნალო მომსახურებით, მიაწვდის მათ  სრულყოფილ ინფორმაციას რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით.

პროექტის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მდგრადი გაუმჯობესება. პროექტის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილი რეპროდუქციული ჯანმრთელობის სამსახურებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა. აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში დაგეგმილია მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის 16 სამედიცინო-საინფორმაციო ცენტრის გახსნა.

პროექტის კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ახალგაზრდების განათლება და ინფორმირება მათი რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე. ამ მიზნით პროექტმა ჩაატარა ჟურნალისტების კონკურსი ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების საუკეთესო გაშუქებაზე. ცენტრის გახსნასთან ერთად მოხდება კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტების სპეციალური პრიზებით დაჯილდოვება.

ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ბ-ნი გიორგი წერეთელი, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბ-ნი ოთარ თოიძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე , საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ბ-ნი პერ ეკლუნდი, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ქ-ნი თამარ ხომასურიძე, და სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

###

საკონტაქტო პირი:
ეკა ღოღობერიძე
საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალისტი
ტელ: +995 (32) 231977

წაკითხულია: 7815