20 დეკემბერს 14 საათზე კინოთეტრ რუსთაველში გაიმართება ბავშვის უფლებათა კონვენციის 25 წლისთავის ფარგლებში მომზადებული სტუდენტური ფილმების ჩვენება ‘ჩვენ წარმოვიდგენთ - ჩვენ ვცვლით'.
ბავშვის უფლებათა კონვენციის 25 წლისთავის ფარგლებში სტუდენტების მიერ მომზადდა 7 ფილმი ბავშვთა უფლებების თემაზე. სტუდენტები თავად ირჩევდნენ ფილმის თემას. 20 დეკემბერს გაიმართება აღნიშნული ფილმების ჩვენება და მონაწილეებისათვის სამახსოვრო საჩუქრებისა და სერტიფიკატების გადაცემა. ბავშვთა უფლებებზე ფილმები მოამზადეს კავკასიის მედია სკოლის, სდასუს, საქართველოს უნივერსიტეტის, პიონერფილმის, თეატრალური უნივერსიტეტის, თშ ჟურნალისტიკის ფაკულტეტისა და მაესტროს მედია სკოლის სტუდენტებმა.
საქართველოში ბავშვის უფლებათა კონვენციის 25 წლისთავის აღნიშვნის მიზანი იყო საზოგადოების ყურადღება გაემახვილებინა იმ პრობლემებზე, რომლებიც ყველაზე დაუცველი ბავშვების წინაშე დგას. კამპანიის ფარგლებში გაიმართა საპარლამენტო კომიტეტების მოსმენები კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ; გაიმართა სპეციალური სესია პარლამენტში ბავშვების მონაწილეობით.
მიმდინარეობდა საჯარო დისკუსიები ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ფრონტლაინ მედია კლუბსა და ჟურნალ ‘ლიბერალთან' თანამშრომლობითა და სამოქალაქო საზოგადოების, სახალხო დამცველის ოფისის და აკადემიური წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით; საქართველოს სიმფონიური ორკესტრის მსოფლიო კინომუსიკის შედევრების კონცერტები ბავშვის უფლებებს მიეძღვნა; მწერალთა სახლსა და ჟურნალ ‘ლიბერალთან' ერთად გაიმართა დისკუსია მწერლებსა და ლიტერტატურული სფეროს მუშაკებთან განათლების თემაზე; ისეთმა მწერლებმა როგორებიც არიან ირაკლი კაკაბაძე, დიანა ანფიმიადი, ანა კორძაია-სამადაშვილი, ვასო გულეური, ლელა სამნიაშვილი, მაია სარიშვილი, ზვიად რატიანი სპეციალური ესსეები და ჩანახატები მიუძღვნეს ბავშვთა უფლებებს; 25 წლის ახალგაზრდებმა დაწერეს ესსეები - ჩემი 25 წელი; ქართველმა მომღერლებმა, მათ შორის, იუნისეფის ელჩმა საქართველოში პაატა ბურჭულაძემ, მომღერლებმა ნინო ქათამაძემ, თეა დანელას ბენდმა, ირა ხეჩანოვმა, ზუმბამ, ნინა სუბლატმა მონაწილეობა მიიღეს ჯონ ლენონის ცნობილი ჰიტის „იმეჯინ"-ს ჩაწერაში. სიმღერა სპეციალური აპლიკაციით იწერება და ვრცელდება სოციალური მედიის საშუალებით.