მედია ანონსი
14 ოქტომბერი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია
2996377; 29874 31
culturegovge@gmail.com
მისამართი: სანაპიროს №4, თბილისი
http://www.culture.gov.ge
http://www.facebook.com/culturegovge
გამოფენა „უორდტროპები და საქართველო"
კატალოგის პრეზენტაცია
14 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრება გამოფენის „უორდტროპები და საქართველო" გახსნას და ამავე სახელწოდების კატალოგის პრეზენტაციას.
გამოფენა, რომელიც ოლივერ უორდტროპის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს ეძღვნება, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
ღონისძიების ფარგლებში, გამოფენილი იქნება ბრიტანელი დიპლომატისა და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენლის სერ ოლივერ უორდტროპის უნიკალური და აქამდე უცნობი საარქივო მასალები, რომელიც მუზეუმის ხელმძღვანელობამ ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოიტანა.
ღონისძიებას ასევე დაესწრებიან ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი ზაზა ფურცელაძე, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის წევრი ფრიდონ საყვარელიძე, ოლივერ უორდროპის სტიპენდიანტი სტივენ ჯონსი და სხვა მოწვეული სტუმრები.
მოკლე ისტორია:
ბრიტანელი დიპლომატის, მწერლის, მთარგმნელის, საზოგადო მოღვაწის ოლივერისა და მისი დის, მარჯორი უორდროპების სახელი ფართოდ არის ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის. მათ დიდი დამსახურება და ღვაწლი მიუძღვით ევროპის ქვეყნებში საქართველოს ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციაში. 1886 წელს ლონდონში ოლივერ უორდროპის ავტორობით გამოიცა წიგნი „საქართველოს სამეფო", 1894 წელს კი გამოვიდა სულხან-საბა ორბელიანის „წიგნი სიბრძნე სიცრუისა"-ს ინგლისური თარგმანი. იმავე წელს დაიბეჭდა მარჯორი უორდროპის „ქართული ხალხური ზღაპრები". განსაკუთრებით დიდი როლი შეასრულა მარჯორი უორდროპის მიერ შესრულებულმა „ვეფხისტყაოსნის" პროზაულმა თარგმანმა, რომელიც დის გარდაცვალების შემდეგ, 1912 წელს გამოაქვეყნა ჯონ ოლივერ უორდროპმა. ოლივერმა ინგლისურად თარგმნა და 1914 წელს გამოაქვეყნა გიორგი ბრწყინვალეს „ძეგლისდება", „ვისრამიანი" და „წმ. იაკობის ცხოვრება". იგი ასევე მუშაობდა შექსპირის ი. მაჩაბლისეულ თარგმანზე.
ცნობილი ფაქტია, რომ მარჯორი უორდროპმა ილია ჭავჭავაძეს გაუგზავნა წერილი, რომელშიც სთხოვდა მისი „განდეგილის" ინგლისურად თარგმნის ნებართვას. ეს წერილი ილიამ გამოაქვეყნა „ივერიაში", როგორც ნიმუში ქართული საუკეთესო პროზაული სტილისა. მ. უორდროპისეული „განდეგილი" დაიბეჭდა ლონდონში 1895 წელს. მან ასევე თარგმნა აკაკი წერეთლის ლექსები.
უორდროპებმა თავისი მოღვაწეობა საქართველოს ისტორიისა და კულტურულ მემკვიდრეობის შესწავლას მიუძღვნეს. სწორედ მათი ძალისხმევით შეიქმნა ყველაზე მდიდარი ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა ევროპაში. მათვე ეკუთვნით საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თაობაზე პეტიციის შედგენის ინიცირება, რომელიც გაეგზავნა მეფისნაცვალს კავკასიაში. მათივე თაოსნობით შეიქმნა საპროტესტო კომიტეტი ქართველი გლეხობის და მშრომელი ხალხის დასაცავად კაზაკთა რეპრესიებისაგან.