ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გენდერულ და ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების გამოფენა
04/03/2009


მედია ანონსი
 

4 მარტი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

გენდერულ და ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების გამოფენა

თბილისი. 6 მარტი 2009 - რიგით IV გენდერული კვირეულის ფარგლებში, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრი "მუზა" (კუს ტბის ასახვევი) მთელი დღის განმავლობაში (11:00 - 19:00 საათი) უმასპინძლებს გენდერულ და ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების გამოფენას საქართველოში.

გამოფენის მიზანია საზოგადოებას უკეთ გააცნოს საქართველოში მოქმედი ის ორგანიზაციები, რომელბსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ ქვეყანაში ქალთა უფლებების განმტკიცებასა და გენდერული თანასწორობისა მიღწევაში. გამოფენაში მონაწილე ყველა ორგანიზაციას ექნება ინდივიდუალური კუთხე, სადაც ისინი გამოფენენ საკუთარ ბეჭდვით, აუდიო, ფოტო და ვიდეო მასალებს, რომელიც ასახავს მათ  საქმიანობას, ინიციატივებს და წარმატებებს.

გამოფენა დამთვალიერებლებს საშუალებას მისცემს შეხვდნენ საქართველოში არსებული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ გენდერულ და ქალთა საკითხებზე, გაიცნონ ამ სფეროში მომუშავე საინტერესო ადამიანები, იმსჯელონ  ქალთა საკითხებზე და გენდერულ პრობლემატიკაზე, მიიღონ კონსულტაციები ექსპერტებისაგან და პირადად ჩაერთონ ამ ორგანიზაციების საქმიანობაში.

ღონისძიებას, 11:00 საათზე ოფიციალურად გახსნის გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ბ-ნ რობერტ უოთკინსი. გამოფენის გახსის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრებიან საქართველოს პარლამენტისა და პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭოს წევრები, გაეროს განვითარების პროგრამის,  სხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამთავრობო სტრუქტურების, და მედია სექტორის წარმომადგენლები.

გამოფენის მსვლელობის დროს, საგამოფენო ცენტრის მცირე დარბაზებში პარალელურად გაიმართება: სპეციალური ფოტო გამოფენა, თხუთმეტამდე თემატური ვიდეო ფილმის ჩვენება, რომელიც მომზადებულია გამოფენაში მონაწილე ორგანიზაციების მიერ, ხალხური რეწვის პროდუქციის გაყიდვა და მრგვალი მაგიდები, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა "გენდერი და პოლიტიკა", "ქალი და ჯანმრთელობა", "ქალი და მშვიდობის მშენებლობა".

გამოფენის ორგანიზატორები არიან: გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი "გენდერი და პოლიტიკა",  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული საკითხების საკონსულტაციო საბჭო და ჯი-ეს-აის კვლევისა და სწავლების ინსტიტუტის "ქალთა ჯანმრთელობის პროგრამა საქართველოში".

###

საკონტაქტო ინფორმაცია:

ბერდია ნაცვლიშვილი
პროექტის „გენდერი და პოლიტიკა"
საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი
მობ: 893 333282
ტელ: 995 32 923662
ელ-ფოსტა: berdia.natsvlishvili@undp.org.ge

წაკითხულია: 8659